ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროს სერჟანტ რაულ იასაღაშვილთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

ასევე, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს.

„სოხუმის დაცემის დღიდან 32 წელი გავიდა. 27 სექტემბერი თითოეული ჩვენგანისთვის მტკივნეული დღეა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლამ ჩვენი არაერთი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა. აფხაზეთის ომში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 6 გმირულად დაიღუპა, ხოლო 11 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დღეს გმირებს პატივი მივაგეთ და მათი მემორიალი გვირგვინით შევამკეთ. ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები