თეა წულუკიანი: სააკაშვილს მოსწონდა, რომ სხვის ჭკუაზე მართავდა, კომისიის დასკვნის შემდეგ ვეღარ შევა ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს აღმაშენებელი პრეზიდენტი
„სააკაშვილს მოსწონდა, რომ სხვის ჭკუაზე მართავდა და სხვა აქებდა, კომისიის დასკვნის შემდეგ ვეღარ შევა ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს აღმაშენებელი პრეზიდენტი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, დასკვნა არის ძალიან მძიმე და ფაქტებზე დაფუძნებული.
„ყველას არ ეხება ეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსულმა არაერთი ქვეყნის არაერთმა ელჩმა, არა მხოლოდ მათ, ვინც ამჟამად იმყოფებიან აქ, არამედ წარსულში ვინც იმყოფებოდა, ყველამ ხელი შეაჩვია საქართველოს და ხელი შეაჩვია უშნოდ.
ეს ზოგჯერ იყო და არის ბულინგის ფორმით გამოხატული, შეურაცხმყოფელი და ძველი დროის ქმედებებს ჰგავს. მათ შორის ვგულისხმობ, როდესაც კოლონიები არსებობდა. ასე გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში, რომ 60-იან წლებში ყველაზე დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ დიდი ცუდი ეპოქის დასასრულებლადო.
ოთხ ნაწილად თუ დავყოფთ საქართველოს ისტორიას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველი ორი მმართველის პირობებში საქართველო თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით არ იყო ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ამგვარი ზოგიერთი თავხედობისთვის. წინააღმდეგობა რომც გაეწია, გაცილებით საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ვგულისხმობ გამსახურდიას და შევარდნაძის პერიოდებს.
გამსახურდიას მმართველობის წარუმატებლობაში ჩემს აზრს ვიტყვი, თუმცა ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, რომ ერთ-ერთი უარყოფითი წვლილი შეიტანეს უცხოელებმა. ასევე, „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში დიდი წვლილი არის შეტანილი უცხოელების მხრიდან. შემდეგ იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი.
დასკვნაში ძალიან კარგად არის ფაქტებით ახსნილი და ნათელი, რომ მას პირიქით, მოსწონდა, რომ სხვის ჭკუაზე მართავდა და სხვა აქებდა, საქართველოში ის არ უყვარდათ, მჩაგვრელად მიიჩნევდნენ, მაგრამ რაკი სხვა ეტყოდა, შენ ხარ აღმაშენებელიო, ეს იყო მისთვის მთავარი.
მინდა, მას ვუთხრა, სადაც უსამართლოდ ბრძანდება და უნდა ბრძანდებოდეს სხვაგან, რომ კომისიის დასკვნის შემდეგ ის ვეღარ შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს აღმაშენებელი პრეზიდენტი. დასკვნა არის ძალიან მძიმე და არ არის ვიღაც კომისიის თავმჯდომარის ან წევრების მოსაზრებები, ეს არის ფაქტები, რომლებიც არის უტყუარი“, – განაცხადა წულუკიანმა.