“შეფ-მზარეულებისთვის თბილისური გასტრონომია არც ისე ცნობადია, გადავწყვიტეთ, ამის პოპულარიზაცია მოგვეხდინა” – ქეთი კვიჭიძე “სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეების” შესახებ
„გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებლის, ქეთი კვიჭიძის განცხადებით, 24 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში კულინარიული სემინარების კვირეული – „სტუმარმასპინძლობის თბილისური დღეები“ იმართება.
როგორც კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტი შეფებისთვის და მოყვარული კულინარებისთვისაა განკუთვნილი.
“ეს პროექტი ჩვენი, „გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის“ იდეა იყო, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად დავგეგმეთ, მხარში დაგვიდგნენ, ფაქტობრივად, დაგვიფინანსეს. სემინარები განკუთვნილია შეფებისთვის, მოყვარული კულინარებისთვის. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს, სემინარები უფასოა, რადგან დაფინანსება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა თავის თავზე აიღო.
რადგან შეფ-მზარეულებისთვის თბილისური კერძები, ზოგადად, თბილისური გასტრონომია არც ისე ცნობილია, გადავწყვიტეთ, ამის პოპულარიზაცია მოგვეხდინა. სწავლება-სემინარები გვაქვს, ასევე ღვინის დეგუსტაციებიც, რომელიც ზუსტად დღესაა ჩანიშნული, ანა გოდაბრელიძესთან ერთად ძალიან კარგი ტრენერები შევარჩიეთ. გუშინ თბილისური კერძები გავაცოცხლეთ, გასტრონომიული ტური გვქონდა. ძალიან საინტერესო სემინარი გვექნება ხათუნა ბაკურაძესთან ერთად, სადაც ქართულ დესერტებს გავაცოცხლებთ და ახალ, ქართულ, თბილისურ დესერტს შევქმნით.
პროექტს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა და ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენი დღეებიც ძალიან საინტერესოდ ჩაივლის. სემინარებს პირველ ოქტომბერს ვასრულებთ, ქართული პურის დღე გვექნება ქართული, ენდემური ჯიშის ხორბლებით. შოთა ლაგაზიძე იქნება ტრენერი, რომელსაც ენდემური ჯიშის ხორბლები თვითონ მოჰყავს. ამის გარდა, თევზის მასტერკლასი გვექნება, ვინაიდან თბილისი, ზოგადად, მეთევზეობით ძალიან გამოირჩეოდა. ჩვენ თევზის კერძების წიგნზე ვიმუშავეთ და თევზის დამუშავებას ვასწავლით, შეფი ირაკლი თოდაძე იქნება ჩართული. ასევე ხორცის შესახებ მასტერკლასია დაგეგმილი, აქ ცოტა რთულად გვაქვს საქმე, მოგეხსენებათ, ხორცის დამუშავება კარგად არ ვიცით და გვინდა, რომ ეს ტრენინგი ჩავატაროთ, მასტერკლასს ფრანგი შეფი ჩაგვიტარებს.
გიდებმაც გვთხოვეს, იქნებ თბილისური გასტროტურები შეგვასწავლოთ, რადგან გასტრონომიით ძალიან ბევრია დაინტერესებული და კულინარიული ტურების შეკვეთები გვაქვსო. გვინდა, რომ აქაც ჩავატაროთ ტრენინგები”- განაცხადა კვიჭიძემ.