ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
ქალაქ ახალციხეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და 32 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან, მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს.
“გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა მამა იოანე გელაშვილმა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს,”- წერია ინფორმაციაში.