„ქართული კულტურული დღეები“ ანკარაში წარმატებით მიმდინარეობს
26–27 სექტემბერს, ანკარაში, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს ორგანიზებით, ბეჰშეთის ეროვნული კონგრესის დარბაზში „ქართული კულტურული დღეები“ მიმდინარეობს.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დღეს 17 საათზე „დიქმენ ვადისის პარკის” ამფითეატრში ქართული კონცერტი გაიმართება.
„ორი ჯგუფი საქართველოდანაა, ორიც ადგილობრივი – თურქეთელი ქართველებისაა. თავისთავად ეს ფაქტი ფრიად მნიშვნელოვანია. მცირედი ინფორმაცია სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლთან არსებული ანსამბლ „კაფდაღის“ შესახებ: ანსამბლი ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნა ბატონმა იბერია მელაშვილმა ბურსაში. 2011 წლიდან, რაც ჩვენი ხელოვნების სახლი დაარსდა, ანსამბლი სტამბოლშია. უკვე მერამდენე თაობა აღზარდა ბატონმა იბერიამ.
ანსამბლის რეპერტუარშია როგორც ახმეთ მელაშვილის მიერ შეკრებილი და გადარჩენილი ჰანგები და პოლიფონიური სიმღერები (მაჭახლური ფოლკლორი), ასევე, ზოგადად, ტაო-კლარჯული სიმღერები, ამასთანავე, ანსამბლი ასრულებს საქართველოს ყველა სხვა მხარის სიმღერებსაც, საკრავიერ მუსიკასაც და თანამედროვე ჰანგებსაც. ბატონი იბერია დიდ საქმეს აკეთებს კულტურათაშორისი დიალოგისთვისაც და მისი ანსამბლი ასრულებს კავკასიელ ხალხთა სიმღერებსაც, ცხადია, თურქულ სიმღერებსაც. წარმატება ვუსურვოთ ამ გულიან ქართველებს. ანკარაში მყოფთ, გიწვევთ კონცერტზე“, – წერს ქართველი ისტორიკოსი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი სოციალურ ქსელში.