კრემლი: უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ვითარებას განმუხტავდა
კიევის უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი ნაბიჯი გადადგას, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ელჩის განცხადების კომენტირებისას.
„რასაკვირველია, უკრაინის უარი, დაფიქსირებული უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე, არის ის ნაბიჯი, რომელიც რუსეთის შეშფოთებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხი იქნებოდა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა ეჭვი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდეს ასეთ ნაბიჯს და გაიხსენა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.
„ამ შემთხვევაში, მივაქციეთ ასევე ყურადღება იმას, რომ კიევმა ელჩს ახსნა მოსთხოვა. ეს ვერ ჩაითვლება შემდგარ ფაქტად, კიევის კონცეპტუალური საგარეო პოლიტიკური მსოფლმხედველობის შეცვლის თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ სრულიად სხვა მიზნებია ასახული ქვეყნის კონსტიტუციაში“, – აღნიშნა პესკოვმა.
ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ უკრაინამ ნატო-ში წევრობაზე უარი თქვას. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში მკაფიოდ არის გაწერილი ალიანსში წევრობის სურვილი, “არსებული საფრთხის გათვალისწინებით”, ქვეყანა შესაძლოა, იძულებული გახდეს, ამგვარი ნაბიჯი გადადგას.
პრისტაიკოს ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ელჩის განცხადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და განმარტეს, რომ პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატო-ს ან უსაფრთხოების სხვა ალიანსის წევრი.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი უსაფრთხოების გარანტიების საკითხია. უდავოა, რომ საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებელი გაწევრიანება. მაგრამ საფრთხეები აქ და ახლა არსებობს, ამიტომ, გარანტიების საკითხზე პასუხის პოვნა ხდება ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანა. ამავდროულად, უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი მიიჩნევს, რომ ელჩმა პრისტაიკომ უნდა ახსნას თავისი სიტყვები.
“ბატონმა ელჩმა გამოიყენა სიტყვა “მოქნილობა”. ვფიქრობ, ღირს, მას საშუალება მიეცეს, ახსნას, რა ჰქონდა მხედველობაში რაიმე დასკვნის გაკეთებამდე, განსაკუთრებით, ასეთი ხმამაღალი”, – თქვა მან.
ნიკიფოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორიც უნდა იყოს ელჩის განმარტება, „ჩრდილოატლანტიკური და ევროპული კურსი რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად“ უკრაინისთვის.
„ეს კურსი არა მარტო კონსტიტუციაშია გათვალისწინებული, არამედ მას აქვს ხელისუფლებისა და საზოგადოების სრული თანხმობა“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.