“საქართველოსთან დიალოგის სხვა ფორმატები უნდა შევქმნათ, ცხოვრება გრძელდება და მათთან საუბარი მაინც მოგვიწევს” – ბჟანიას ე.წ. მრჩეველი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯია აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიები შედეგის რაიმე მომტანი ვერ იქნება, რადგან “ეს არის პლატფორმა, რომელზეც კონფლიქტში მონაწილე მხარეები საკუთარ პოზიციებს, შეშფოთებებს გამოთქვამენ”.
თუმცა, მისი თქმით, ეს ერთადერთი ფორმატია, რომელიც “საქართველოსთან სასაუბროდ არსებობს და მისი შენარჩუნება აუცილებელია”.
თუმცა, აღნიშნავს, რომ საჭიროა ახალი იდეების, ახალი ფორმატების შექმნა.
ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“შესაქმნელია სხვა ფორმატები. ჩვენ გამარჯვებული ქვეყანა ვართ და საქართველოს მიმართ, რატომღაც, მორიდებით ვიქცევით. ჩვენ ძალიან ბევრი მოუგვარებელი პრობლემა გაქვს და არის ბევრი კითხვა, რომელიც საქართველოს უნდა დავუსვათ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსაც ექნება კითხვები ჩვენთან. ამიტომ, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სხვა ფორმატების, უნდა შევქმნათ ისინი. მაგალითად, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტვირთის ტრანზიტზე, დანაშაულთან ბრძოლის კოორდინაციაზე. ეს თითქოს არარეალისტურად ჩანს კონფლიქტში მყოფ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მაგრამ, ამ დოკუმენტის არარსებობა არ ქმნის წინაღობას თანამშრომლობისთვის, იქ სადაც ეს შესაძლებელია”, – თქვა ღვინჯიამ.
მისი თქმით, საჭიროა ახალი იდეების წარდგენა და ახალი ფორმატების შექმნა.
“უნდა ვიმოქმედოთ პირდაპირ და გაბედულად. ხშირად ვამბობთ: “საქართველოსთან არანაირი შეთანხმება, არანაირი მოლაპარაკება არ გვინდა”, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და პრობლემები გროვდება, ისინი არსად მიდიან. და ხვალ რომც გვქონდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი, ეს საკითხები დღის წესრიგში მაინც დარჩება და მათი განხილვა საჭიროა უკვე დღეს. მე მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველო და ქართველები მივიწვიოთ სხვა მოედნებზე, ბიზნესის, სამართალდამცველების დონეზე სასაუბროდ. მათთან რაიმე სახის დიალოგის გამართვა მაინც მოგვიწევს. ასე მოხდა გეოგრაფიულად, რომ მათ ვესაზღვრებით და ვერ ვიტყვით, რომ ისინი არ არსებობენ”, – თქვა მან.