ივანე ჩხაიძე: 8-დღიანი იზოლაციის პერიოდის გამო პრობლემები იქმნება
“ყველა კლინიკაში კადრის დეფიციტია, თუმცა, ეს არ ხდება იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ 8-დღიანი იზოლაციის პერიოდის გამო პრობლემები იქმნება”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იზოლაციის 8-დღიანი პერიოდის გამო, სამედიცინო სექტორში ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ის, რომ, „ომიკრონით“ ინფიცირებულების იზოლაციის ვადიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, ყველა სეგმენტში გვაკლია პერსონალი, ეს არის ექიმები, საშუალო სამედიცინო პერსონალი. „ომიკრონის“ უსიმპტომო შემთხვევები ძალიან ბევრია, ამიტომ, დაცვისა და კონტაქტისგან თავის არიდების საშუალება პრაქტიკულად აღარ არის.
შესაბამისად, ყველა კლინიკაში კადრის დეფიციტია, თუმცა, ეს არ ხდება იმის გამო, რომ ჩვენი კოლეგების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ 8-დღიანი იზოლაციის პერიოდის გამო პრობლემები იქმნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.