აზერბაიჯანი და ირანი სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფანს ქმნიან, რომელშიც საქართველოც არის ჩართული

ირანი აზერბაიჯანთან კონსულტაციებს  სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნის შექმნის შეთანხმების გაფორმებაზე აწარმოებს, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მეჰდი საფარიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნის შესახებ შეთანხმებაზე, ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გრძელდება.
მათი შემდეგი რაუნდი აპრილ – მაისში სოფიაში იგეგმება, როდესაც ხელშეკრულების ტექსტი მზად იქნება ხელმოწერისთვის.
„არაფორმალური მზადება მიმდინარეობს შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების ელჩებთან თეირანში და სხვა შესაბამის დედაქალაქებში. ასე რომ, ღვთის ნებით, მალე ვიხილავთ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის გაჩენას სხვადასხვა მარშრუტით, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობას, და გარე სამყაროსთან“, – თქვა დიპლომატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლახან აზერბაიჯანთან და საქართველოსთან თანამშრომლობით, განხორციელდა საპილოტე პროგრამა ირანიდან შავ ზღვაში ტვირთების გადატანის მიზნით“.
ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სპარსეთის ყურეს შავ ზღვასთან დააკავშირებს, სატესტო რეჟიმში 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა.
სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში, საპილოტე ტვირთები იგზავნება ირანიდან ოთხი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ასტარას საზღვრის გავლით, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შავი ზღვით საქართველოს პორტების გავლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები