ნინო წილოსანი – „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე: აღნიშნული ინიციატივა მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უფრო აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებს გამოეხმაურა.
„აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ასევე საუკეთესო უცხოური პრაქტიკიდან არის ნაკარნახევი, მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ უფრო აქტიურად ჩართული საარჩევნო პროცესში და მათი არჩევანი ემსახურებოდეს ამ ქვეყნის ინტერესების დაცვას და არ იყოს განპირობებული უცხოური ჩარევისგან ან იმ დეზინფორმაციული ნაკადებისგან, რომელიც ყველა ქვეყნის შემთხვევაში აქტიურად არის“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი წლის ბოლომდე „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების – უცხოეთში მყოფი პირების – არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.