თამარ გაბუნია – ეპიდვითარებაზე: მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია, უფრო მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთოს პროცესში

“3 ათასამდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის მობილიზებას, ოჯახის ექიმები აქტიურად ერთვებიან, რაც გვეხმარება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია, პროცესში უფრო მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთოს.

„პირველ ყოვლისა, ოჯახის ექიმი ურეკავს მოქალაქეს, პრიორიტეტული არიან ისინი, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მაღალი ასაკი, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები. მოლოდინის ხანგრძლივობა შესაძლოა, გაგრძელდეს მაქსიმუმ 48 საათამდე. ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდნენ ბენეფიციარებს. ვინც ვერ ახერხებს თავის ოჯახის ექიმთან დაკავშირებას, ამისთვის არის 15 22-ის ხაზი. ასეთი დიდი ნაკადის პირობებში შესაძლოა, იყოს ასეთი დაყოვნებები, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ 15 22-ის მექანიზმით, ასეთი დაყოვნებები შემცირდეს. 3 ათასამდე საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის მობილიზებას, ოჯახის ექიმები აქტიურად ერთვებიან, რაც გვეხმარება. მზარდი ნაკადის მართვისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ოჯახის ექიმი ჩაერთოს პროცესში. კიდევ დაემატება მომდევნო დღეებში კლინიკა და ოჯახის ექიმები იმისთვის, რომ არ გვქონდეს შეფერხება არც ხაზზე და არც უშუალოდ ბინაზე მართვის პროცესში”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები