თეონა აქუბარდია: ასოცირების დღის წესრიგის დროული შესრულება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც შიდაპოლიტიკურ კონტექსტში გვაქვს
„ასოცირების დღის წესრიგის დროული შესრულება 2024-ში განაცხადთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომელიც შიდაპოლიტიკურ კონტექსტში გვაქვს. როგორც უყურებთ ამ ამბიციური განაცხადის გეგმას 2024-ში ევროკავშირში განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები იმისთვის, რომ საქართველომ ეს ყველაფერი წარმატებით შეძლოს”, – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ ევროპარლამენტარს, საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
თეონა აქუბარდია ასევე დაინტერესდა ევროპარლამენტარის მოსაზრებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, რუსული აგრესიისა და შანტაჟის ფონზე.
„პროდასავლური პარტიები ამ საკითხში ვფიქრობ, რომ ვართ ერთიანები. კითხვა შეეხება ასოცირების ტრიოს ფორმატს, რომელიც ზაფხულში გაფორმდა საქართველოში – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, რომელიც არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.
მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს დასავლეთს და ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს სუვერენიტეტს და ნატო-ში წევრობას, არამედ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის ნებას, რომელიც ხალხის მხარდაჭერით არის განპირობებული. მათ შორის, ბოლო კვლევებითაც, ეს მხარდაჭერა 80%-ზე ზევით არის. ტრიოს პერსპექტივასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები იქნებოდა მნიშვნელოვანი რუსული აგრესიისა და შანტაჟის ფონზე”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.