ივანე ჩხაიძე: „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის ერთ-ერთი თანმდევი სიკეთეა, მაგრამ არა – ძირითადი
ძალიან ცუდია, თუ ვინმე „მწვანე პასპორტის“ აღებას განიხილავს, როგორც ძირითად მოტივაციას პანდემიის პერიოდში, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმების გამო, ადამიანებმა აცრაზე უარი არ უნდა თქვან.
ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ძალიან ცუდია, თუ ვინმე „მწვანე პასპორტის“ აღებას განიხილავს, როგორც ძირითად მოტივაციას პანდემიის პერიოდში. „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის ერთ-ერთი თანმდევი სიკეთეა, მაგრამ არა – ძირითადი. მძიმე შემთხვევები, გართულება, საავადმყოფოში მოხვედრა, გარდაცვალება – აი, ამის საწინააღმდეგოდ, ვაქცინაცია მართლაც 100%-იანი ეფექტიანობისაა. ამიტომ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არჩევანი ვაქცინაციის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.