ფრენსის ბეიკონი – მხატვარი, რომელმაც ახალ გზაზე გაიყვანა 21-ე საუკუნის ხელოვნება

მეოცე საუკუნის ძლევამოსილი მხატვრის ფრენსის ბეიკონის (1909-1992) ექსპოზიციას სახელწოდებით: „კაცი და მხეცი“ (Francis Bacon: Man and Beast), სამი თვის განმავლობაში უმასპინძლებს ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემია და ალბათ ის იქნება ყველაზე ხალხმრავალი გამოფენა, რომელიც კი მისი 254-წლიანი არსებობის განმავლობაში გამართულა.
ფრენსის ბეიკონი რომ ყველაზე გავლენიანი მხატვრია 21-ე საუკუნეში, ამას ცხდად მოწმობს წინამდებარე გამოფენა, რომლის კურატორიც არის მისი მეგობარი, მხცოვანი არტ-ისტორიკოსი, არტ-კრიტიკოსი და მწერალი მაიკლ პეპიატი.
ბეიკონის დიდი გამოფენა 13 წლის წინათაც ვნახე ტეიტ ბრიტანში (Tate Britain), მაგრამ მას ნამდვილად არ მოუხდენია ისეთი მომნუსხველი შთაბეჭდილება, როგორიც ახლა დამეუფლა. იმხანად უფრო მეტი ყურადღება ნამუშევართა რაოდენობასა და მათ ქრონოლოგიურ თანამიმდევრობაზე იყო გამახვილებული.
ახალი ექსპოზიციის კონცეფცია კი გაცილებით ღრმა და მრავლისმთქმელია.
ბეიკონს ხშირად ჰყავს გამოსახული ცხოველები და ფრინველები თავის ნამუშევრებში და ამ გამოფენაზეც მრავლად შევხვდებით. მაგრამ აქ მთავარი აქცენტი გადატანილია ბეიკონის ხედვაზე, რომელიც კაცობრიულ სამყაროში ცხოველურ არსს ხედავდა და თავისებური მხატვრული ხერხებით ამეტყველებდა.
როგორც გამოფენის კურატორი იხსენებს, ბეიკონს ხშირად სჩვეოდა ამ სიტყვების გამეორება: „ჩვენ – ყველა ვართ ცხოველები, ჩვენ ვართ ხორცი და პოტენციური გვამები”. სწორედ ეს სიტყვები იქცა აღნიშნული ექსპოზიციის ამოსავლად და წამყვან თემად.
ბეიკონი გამოხატავს ოთხი კიდურით მოძრავ, ასევე მაგიდასთან მაიმუნებივით ჩაცუცქულ ადამიანებს, ამასთან, გვაჩვენებს ადამიანის პირუტყვულ ბუნებას, ასახავს მათ ყვირილს, ცხოველურ ყმუილსა თუ ღმუილს. აქ ყვირის ყველა მაიმუნი, რომის პაპი თუ ბრბო, რომელიც კორიდას ადევნებს თვალ-ყურს და მატადორის ხართან ბრძოლას ჭკუაზე გადაჰყავს…
ბეიკონი ადამიანთა სხეულებს გამოსახავს, როგორც ხორცისა და ძვლების უწერსიგო მასას თუ გროვას. მათ მიღმა კი იგულისხმება და თვალცხადად ცნაურდება ადამიანთა ულმობელი და სასტიკი ბუნება. ეს დაფლეთილი, დაკეპილი და ასო-ასოდ აქნილი სხეულების ნარჩენებია. ბეიკონმა სრულიად ახალ ფერწერულ გამომსახველობას მიაგნო მხატვრობაში, რომელიც სულხორციანად ძრავს და ზარავს მნახველს. სწორედ ამ იდუმალი ძალმოსილების გამო იქცა ბეიკონი ყველაზე უფრო შთამაგონებელ და მოქმედ მხატვრად მის შემდგომ თაობებში.
იმპრესიონისტების, პიკასოს და სალვადორ დალის შემდეგ ალბათ არავის მოუხდენია ზეგავლენა მის შემდგომ მხატვრულ აზროვნებაზე, როგორც ეს შეძლო ბეიკონმა.
მან სიცოცხლეშივე მოიპოვა დიდი მხატვრის სახელი. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი, რომ პარიზის „გრან პალეში” სიცოცხლეში გამოფენის გამართვის პატივი მხოლოდ პიკასოს და ბეიკონს არგუნეს.
ბეიკონი იყო მოწიდებით მაძიებელი და მკვლევარი, ვინც ფოტოგრაფიის, კინემატოგრაფიისა და სამედიცინო სფეროს თემები ფართოდ შეიტანა თავის სამხატვრო პრაქტიკაში. მან მზერა ახალ, მანამდე ხელშეუხებელ რეალიებზე გადაიტანა, რომლის შედეგიც დღემდე იწვევს გაოცებას, აღფრთოვანებას და ამოუწურავი შთაგონების წყაროდ რჩება თანამედროვე მხატვრებისთვის. მან მართლაც ახალ გზაზე გაიყვანა 21-ე საუკუნის ხელოვნება. ვერ დაასახელებთ პლანეტის თვალსაჩინო მხატვარს, იქნება ეს გერჰარდ რიხტერი, ჯორჯ კონდო, დემიან ჰერსტი, ტრეისი ემინი, ჯენი სევილი, მათ კოლიშოუ, მარინა აბრამოვიჩი თუ მარლენ დიუმა, ვინც ბეიკონის გავლენას არ განიცდის.

                                                         

                                                         გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები