კიევი ხორვატიის პრეზიდენტისგან ბოდიშს ელოდება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქვეყანაში ხორვატიის ელჩი, ანიცა ჯამიჩი პრეზიდენტ ზირან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
მილანოვიჩმა გუშინ თქვა, რომ ხორვატიის ხელისუფლება, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ნატო-დან ქვეყნის სამხედროებს გაიწვევს. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ “ნატო-ში უკრაინის ადგილი არ არის”.
უკრაინა ხორვატიის პრეზიდენტისგან საჯარო ბოდიშს ელოდება.
„ხორვატიის ელჩს ვაცნობეთ ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის გამონათქვამების სრული მიუღებლობის შესახებ. უკრაინა ითხოვს, ხორვატიის პრეზიდენტმა საჯაროდ უარყოს ეს განცხადებები, ასევე, მომავალში მსგავსი რამ არ გაიმეოროს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ „მილანოვიჩის განცხადებები რუსულ პროპაგანდისტული ნარატივების გაგრძელებაა, არ შეესაბამება ხორვატიის თანმიმდევრულ ოფიციალურ პოზიციას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ძირს უთხრის ევროკავშირისა და ნატო-ს ერთიანობას ევროპაში არსებული უსაფრთხოების საფრთხეების წინაშე”.