ლატვიის თავდაცვის მინისტრი: მთელი დასავლეთ ევროპის აზრით, გერმანიის საქციელი სამარცხვინოა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, არტის პაბრიკსმა უკრაინასთან დაკავშირებით ბერლინის პოზიცია გააკრიტიკა.

Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, ის შეიძლება, შეფასდეს, როგორც „დროის მიღმა დარჩენილი“ და „სამარცხვინო“.

ლატვიის ვიცეპრემიერისთვის კარგად არის ცნობილი, როგორ განვითარდა გერმანიის საგარეო პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ. მაგრამ, მინისტრის თქმით, გარეთ 21-ე საუკუნეა და “დრო მკვეთრად შეიცვალა”.

„რუსეთის მიმართ გერმანიის ამჟამინდელი პოლიტიკა არანაირად არ აკმაყოფილებს ნატო-ს, ევროკავშირის და გერმანელი პარტნიორების მოთხოვნებს. ეს არ არის საკმარისი დასავლეთის ამჟამინდელი ოპონენტებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთია. მოკლედ, გერმანიის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენს დროს,”- განმარტა პაბრიკსმა.

მან „დიდი შეცდომა“ უწოდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების პოზიციას, რომელთაც სურთ, უკრაინას სამხედრო საველე ჰოსპიტალი გადასცენ და არა – იარაღი.

„როცა ხედავ, რომ ვიღაცას ძარცვავენ ბნელ ქუჩაზე და თავდასხმის მსხვერპლს ეუბნები: „დაგეხმარები სასწრაფოს გამოძახებით მას შემდეგ, რაც გცემენ“, – ეს საკმარისი არ არის. სასწრაფოს საფასურიც რომ გადაიხადო. გერმანელ პოლიტიკოსებს აღარ ესმით, რას ნიშნავს შეკავება. უნდა ითქვას, რომ ესტონური ჰაუბიცების უკრაინისთვის გადაცემის ბლოკირება, სამარცხვინო პოზიციად აღიქმება ბალტიის სამივე ქვეყანაში, ისევე – როგორც ჩრდილოეთ ევროპის ყველა სახელმწიფოში”,- თქვა მან.

პაბრიკსმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება და „თუ ვინმეს უკრძალავ დამცავი აღჭურვილობის მიღებას, მშვიდობას კი არ ინარჩუნებ, არამედ პირიქით“.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ბერლინის პოზიცია არის გერმანული საზოგადოების პაციფისტური ომის შემდგომი ფილოსოფია, ხოლო მეორე მხრივ, „გერმანიასა და რუსეთს შორის ძალიან მჭიდრო საქმიანი და ეკონომიკური კავშირები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები