ივანე ჩხაიძის განმარტებით, დღიურად ინფიცირების 18-დან 25 ათასამდე შემთხვევაა მოსალოდნელი
იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ პიკურ მაჩვენებელზე დღიურად ინფიცირების 18-დან 25 ათასამდე შემთხვევა არის მოსალოდნელი.
„ქვეყნების უმეტესობაში პიკურ მაჩვენებელზე 3-ჯერ 5-ჯერ უფრო მეტია ახალი შემთხვევები. საქართველოს რეალობაში ეს არის 18-დან 25 ათასამდე შემთხვევა. ეს სავსებით მოსალოდნელია და არ უნდა იყოს გასაკვირი. მით უმეტეს, ევროპის ქვეყნები ხასიათდებიან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, ჩვენთან კი მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი სულ 42%-ია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, საქართველოში “ომიკრონის” შტამი ევროპის ქვეყნებზე უფრო გვიან გავრცელდა, რაც საშუალებას იძლევა, ამ ქვეყნების გამოცდილება წინასწარი პროგნოზების გასაკეთებლად გამოვიყენოთ.
“ჩვენ „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გვქონდა 20 დეკემბერს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ეს მოხდა დეკემბრის პირველ ნახევარში. ეს 2-3-კვირიანი განსხვავება გვაძლევს შესაძლებლობას, ამ ქვეყნების გამოცდილება გამოვიყენოთ გავაკეთოთ პროგნოზი და ეს პროგნოზი საკმაოდ მძიმეა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ საუბრისას.