ლავინია ფიშერის „სიკვდილის სასტუმრო“ – პირველი სერიული მკვლელი ქალი აშშ-ში

მსოფლიო ძალიან ბევრ სერიულ მკვლელს იცნობს, თუმცა ქალი მათ შორის ცოტაა. მიუხედავად ამისა, თითოეულ შემთხვევაში, სერიული მკვლელი ქალის მსხვერპლთა რაოდენობა შემაშფოთებელია. მსხვერპლთა დიდი რიცხვი ადვილად აიხსნება – ძალიან ცოტა ქალი თუ კლავდა დანით, ჩაქუჩით ან იარაღით, ძირითადად, ისინი ჩუმად მოქმედებდნენ – იყენებდნენ შხამებს, საწამლავებს

ზუსტად ასე კლავდა ლავინია ფიშერი – აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი სერიული მკვლელი და პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ჩამოახრჩვეს.

ლავინია ფიშერის ცხოვრების პირველი წლები ბნელით არის მოცული. ითვლება, რომ ის 1792 ან 1793 წელს ინტელიგენტთა ან, შეიძლება ითქვას, არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. ასეთი დასკვნა გამოტანილია მისი სახელის საფუძველზე, რომელიც ძალიან იშვიათად თუ შეგვხვდება საშუალო ფენის ამერიკელებში. ამასთანავე, კარგი მანერების გამოც, რომელთა შესახებაც ყველა აღნიშნავდა, ვინც კი მას შეხვედრია და გადარჩა.

უცნობია, იყო თუ არა ეს ქალბატონი ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი, თუ ევროპიდან ჩამოვიდა მშობლებთან ერთად. არ არსებობს ლევინიას დადასტურებული გამოსახულება. ჯოშუა რეინოლდსის ლამაზი გოგონას პორტრეტზე, თუთიყუშთან ერთად, რომელსაც სტატიების ავტორები ხშირად მკვლელის სურათად გვთავაზობენ, სინამდვილეში, გამოსახულია მისი მოგვარე კიტი ფიშერი, რომელიც ლევინიას დაბადებამდე, სულ მცირე, 25 წლით ადრე დაიღუპა. კიდევ არსებობს ქერათმიანი გოგონას ფოტო, ატლასის კაბაში, რომელსაც ასევე ფიშერის სურათს უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ მისი სურათი ფიზიკურად ვერ იარსებებდა, ვინაიდან ის, სულ მცირე, 20 წლით ადრე ჩამოახრჩეს სანამ პირველი დაგეროტოპია გაჩნდებოდა. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ქალბატონი.

სრულწლოვანი ლევინია ახალგაზრდა მამაკაცზე – ჯონ ფიშერზე გათხოვდა, რომელმაც გვარი მისცა. ახალდაქორწინებულებმა საცხოვრებლად მდიდარი საპორტო ქალაქი ჩარლსტონი აირჩიეს ჩრდილოეთ კაროლინაში. ჯონს გარკვეული თანხა ჰქონდა და წყვილმა პატარა სასტუმრო გახსნა გადაწყვიტა, სახელად – „Six Mile Wayfarer House“. ძნელი სათქმელია, რამდენად სარფიანი იყო ლევინიას და ჯონის ბიზნესი, მაგრამ მაინც და მაინც წარმატებულები არ უნდა ყოფილიყვნენ. ასეა თუ ისე, საკუთარი დანაშაულებრივი ცხოვრება ფიშერებმა სასტუმროს გახსნისთანავე დაიწყეს.

საბუთები, რომლებიც ჩარლსტონის არქივმა შემოინახა, იმას მოწმობს, რომ ხალხი ქალაქის შემოგარენიდან უგზოუკვლოდ იკარგებოდა 1819 წელს. საჩივრები ადგილობრივ პოლიციაში რეგულარულად შედიოდა, ხოლო ორი მათგანი ლავინიასა და ჯონისგან იყო. ოჯახური ბიზნესის მფლობელებმა საჩივარი უწესო მდგუმრებზე დაწერეს, რომლებმაც, თითქოს და, გადახდის გარეშე დატოვეს მათი სასტუმრო. ძალიან მალე გაირკვა, რომ ჩარლსტონის ახლომახლო მოქმედებდა დაჯგუფება, რომელიც ძარცვავდა და კლავდა მოგზაურებს. პოლიცია უძლური აღმოჩნდა დამნაშავეების წინაშე და ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტეს გამკლავებოდნენ ბოროტმოქმედებს. ფერმერები, მონადირეები და მოვაჭრეები შეიკრიბნენ და პატრულირება დაიწყეს სახიფათო მონაკვეთზე.

როგორც აღმოჩნდა, თავდასხმები ძალიან მოკლე მონაკვეთზე ხორციელდებოდა, გზაზე, რომელიც ფიშერების სასტუმროს უახლოვდებოდა. ამასთანავე, ლავინიას და მის მეუღლეს ისეთი სანდო რეპუტაცია ჰქონდათ, რომ მათზე ეჭვი არავის მიუტანია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ სასტუმროსთან საგუშაგო მოაწყეს, სადაც დატოვეს ბიჭი – სახელად დევიდ როსი. რამდენიმე დღე როსი, რომელსაც კატეგორიულად აუკრძალეს ალკოჰოლის დალევა და ბანქოს თამაში, მოწყენილი იჯდა სასტუმროს ფანჯარასთან, მაგრამ შემდეგ სასტუმროსთან ხმაურით მივიდნენ განრისხებული კაცები და დევიდს ცემა დაუწყეს. წასვლისას მათ გააფრთხილეს, რომ თუკი კიდევ ნახავდნენ სასტუმროსთან, ყველა ძვალს ჩაუმსხვრევდნენ.

როსი საკუთარ პოსტზე მაინც დარჩა. იქ მას დიასახლისი, მის ლავინია ფიშერი დახვდა, რომელმაც რამდენიმეჯერ გაარტყა და შემდეგ მისი დახრჩობა სურდა. ბიჭმა ძლივს გაითავისუფლა თავი და გაქცევა მოახეხრხა. ის თანამოაზრეებთან მივიდა და ყველაფერი უამბო, მაგრამ როსს არ დაუჯერეს, ჩათვალეს, რომ ნასვამი იყო.

როსს არც ადგილობრივი შერიფი დაეხმარა, ის ფიშერებს, როგორც წესიერ ახალგაზრდებს, ისე იცნობდა. საბოლოო ჯამში, საქმე მიაფუჩეჩეს, მაგრამ შერიფს მაინც მოუწია სასტუმროს საქმით დაკავება, ვინაიდან შემოვიდა საჩივარი ვინმე მისტერ ჯონ პიპლსისგან, სოლიდური მოვაჭრისგან.

აღელვებულმა ვაჭარმა შერიფს მოუყვა, რომ სასტუმროში მისვლისას დიასახლისმა უთხრა, რომ თავისუფალი ოთახები არ ჰქონდათ, მაგრამ მგზავრს ჭიქა ჩაი შესთავაზა. ვინაიდან ჯონ პიპლს ყავა უყვარდა, მან სასმელი ჩუმად ფიკუსის ქოთანში ჩაასხა, რათა დიასახლისისთვის არა ეწყენინებინა.

მოგვიანებით, ქალბატონმა მოგზაურს ამცნო, რომ ერთ-ერთი მდგმური უეცრად წავიდა და ნომერი გათავისუფლდა. პიპლსი შეასახლეს პატარა ოთახში, სადაც ავეჯიდან მხოლოდ საწოლი, პირსაბანი და ტუმბო იდგა, მაგრამ ჯონი რაღაცამ შეაშფოთა ლავინიას საქციელში და გადაწყვიტა, არ დაწოლილიყო. იქვე, კართან ჩამოჯდა იატაკზე და მიეძინა.

შუაღამისას მდგმური ჭრიალმა გააღვიძა. მან დაინახა, რომ საწოლი ნელ-ნელა იატაკის ქვეშ ჩადიოდა. პიპლსი მიხვდა, რომ უნდა გაქცეულიყო, თავი გადაერჩინა და ფანჯრიდან გადახტა. ერთი საათის შემდეგ ის შერიფის სახლთან მივიდა და კარებზე აბრახუნებდა. უკვე ორი საათის შემდეგ კი, მამაკაცთა დაჯგუფება  სასტუმროს კართან იდგა.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ, სხვადასხვანაირია. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სარდაფში, სასტუმროს ქვეშ ნაპოვნი იყო მოკლულთა ცხედრები და სხვადასხვა იარაღი. თითქოს, ჩაი, რომელშიც ოლეანდრას ნაყენი იყო, სტუმარს გონებას უთიშავდა, შემდეგ საწოლი, გარკვეული მექანიზმით,  იატაკს ქვემოთ ჩადიოდა, სადაც სტუმარს მისტერ ფიშერი ხვდებოდა, ნაჯახით.

სხვა წყაროს თანახმად, საწოლი, უბრალოდ, ქვემოთ ვარდებოდა და მძინარე მდგმურს დანები ერჭობოდა. შემდეგ კი, ფიშერები, უბრალოდ, გვამებს აგროვებდნენ.

სიმართლეა ეს თუ არა – დღეს ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ რაც დანამდვილებით ცნობილია, ლავინია და ჯონი დააპატიმრეს. მეცხრამეტე საუკუნეში სასამართლო აშშ-ში ძალიან სწრაფი იყო. დამნაშავე შესაძლოა ორ დღეში უკვე სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ წყვილის მიერ მოკლულთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ სასამართლო გარჩევა ძალიან გაიწელა, ისე, რომ პატიმრებმა, თითქმის, გაქცევაც მოახერხეს. 1819 წლის 13 სექტემბერს ჯონ ფიშერმა საკუთარი ტანსაცმლითა და თეთრეულით თოკი შეკრა, მოერია გისოსებს ფანჯარაზე და ქვემოთ ჩავიდა, მაგრამ ლავინიამ ვერ შეძლო ამ ილეთის გამეორება.

ამბობენ, რომ ამის შემდეგ ქმარმა ციხის კარზე დააკაკუნა და მეუღლესთან მისი დაბრუნება ითხოვა. საბოლოოდ, მათ სიკვდილთ დასჯა – ჩამოხრჩობა მიესაჯათ, მაგრამ ლავინია კინაღამ გადაურჩა სიკვდილს. იმ დროს გათხოვილი ქალის სიკვდილით დასჯა არ შეიძლებოდა, მათ სამუდამო შრომით პატიმრობას უსჯიდნენ, მაგრამ სასამართლომ მაინც იპოვა გამოსავალი – მათ ჯერ სიკვდილით დასაჯეს ჯონ ფიშერი, ხოლო შემდეგ ლავინია ქვრივად გამოაცხადეს და ისიც ჩამოახრჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები