თამარ გაბუნია: უმჯობესია, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როცა პიკს ველოდებით, კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს

“მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, როცა პიკს ველოდებით, უმჯობესია, კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა.

„შემთხვევების მატება უკავშირდება „ომიკრონს“, რასაც თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. იმავე ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, „ომიკრონის“ მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე არ იწვევს, რასაც ვაკვირდებით ბოლო 5 დღის განმავლობაში, როდესაც დრამატული მატება კლინიკურ სექტორში არ გვაქვს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ჯანდაცვის სექტორი რეგულაციების გამკაცრებას და ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს, არის დამატებითი და გაუსაძლისი ზეწოლა, რასაც დღეს, ამ მდგომარეობით არ ვაკვირდებით. იგივე გამოცდილება გამოიარა აფრიკის ქვეყნებმა და ბრიტანეთმა, ეს ყველაფერი მართვადია, მთავარია პირველადი ჯანდაცვის დონეზე შემთხვევების აქტიური მართვა, პაციენტების უდიდესი ნაწილი უნდა დარჩეს ბინაზე, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს და სისტემა არის მზად.

ის რეგულაციები, რომელიც აქამდე მოქმედებდა, რჩება ძალაში, დამატებითი რჩევაა და უმჯობესია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც პიკს ველოდებით, ვისარგებლოთ მეტად დისტანციური კომუნიკაციით – იქნება ეს კონფერენცია, ტრენინგი თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. თუკი ეს შესაძლებელი არ არის, კარგად ვენტილირებული გარემო იძლევა საშუალებას, რომ ეს ღონისძიებები ჩატარდეს უსაფრთხოდ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები