რით განსხვავდება “ომიკრონის” სიმპტომები დელტა შტამის სიმპტომებისგან – ცერცვაძის განმარტება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” სიმპტომებს ასახელებს.
„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, “ომიკრონი” აქვს თუ “დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.