მსოფლიოს რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა

მსოფლიოს რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ „ჯოენის“ კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა გოჩა კახალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ჯუმბერ ლეჟავა სამედიცინო დაწესებულებაში დღეს დილით, გულსისხლძარღვთა პათოლოგიის გამო მოათავსეს.
„ჯუმბერ ლეჟავა დღეს დილით მოათავსეს საავადმყოფოში. მას გული აწუხებდა. საავადმყოფოში კორონოგრაფია და სტენდირება ჩაუტარდა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, საოპერაციო ბლოკიდან გამოყვანის შემდეგ მოულოდნელად ინსულტი განვითარდა. ერთი საათის განმავლობაში რეანიმაციული ღონისძიებები მიმდინარეობდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა ერთი საათის წინ“, – აღნიშნა გოჩა კუხალაშვილმა.
ჯუმბერ ლეჟავა დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.). 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტოკადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეოფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 -გვერდიანი დღიური. დაჯილდოვებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ.შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის” სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან – „მსოფლიო სპორტსმენის” დიპლომი (1999).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები