გიორგი გობრონიძე: რუსეთს ყაზახეთში თავისი ინტერესები აქვს

“რუსეთს აქვს ყაზახეთში თავისი ინტერესები – თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთი მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ფართობით, უმდიდრესი წიაღისეულით და მისი ადგილმდებარეობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის”,- ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით,  დასავლეთთან სავაჭროდ რუსეთს სხვა ბევრი თემა აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს, ყაზახეთში კი კონკრეტული ინტერესები აქვს – იქ თავისი გავლენის გამყარება სურს.

“რუსეთს აქვს ყაზახეთში თავისი ინტერესები, ის ყაზახეთის გარეშე ვერ იქნება ჰეგემონი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთი მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა ფართობით, უმდიდრესი წიაღისეულით და მისი ადგილმდებარეობა სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის – ერთი მხრივ, ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის რესურსებზე მიუწვდება ხელი და მეორე – პოლიტელიტის გაკონტროლებას შეძლებს. ამ რეგიონიდან რუსეთის გამოსვლა ნიშნავს, რომ ცენტრალურ აზიაში გამავალი კარი ღია დაუტოვოს ჩინეთსა და სხვა ძალებს. სწორედ ამიტომ მიიღო ძალიან არაეთიკური გადაწყვეტილება და ჯარით შევიდა სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დასაცავად. თუმცა, სანამ მოსკოვისკენ გავიშვერთ ხელს, ჯერ ის უნდა ვთქვათ, თუ რამდენად პასუხისმგებლიანია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის დასარბევად სხვა ქვეყნის სამხედროებს ეძახის. ამიტომაც ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს რუსეთი ყაზახეთის საკითხით დასავლეთთან ივაჭრებს, არ ვიზიარებ. დასავლეთთან სავაჭროდ რუსეთს სხვა ბევრი თემა აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს, ყაზახეთში კი კონკრეტული ინტერესები აქვს, იქ თავისი გავლენის გამყარება სურს. როგორც იცით, რუსეთის მთავარი მოთხოვნაა არ გაფართოვდეს არც ნატო და არც ევროკავშირი. როგორც რუსები ამბობენ, 1994 წელს მათ მიიღეს ზეპირი დაპირება, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა. შესაბამისად, ახლა ითხოვენ გადაიხედოს 1994 წლის შემდეგ დამდგარი საერთაშორისო წესრიგი, და მძევლად აიყვანენ უკრაინას. მიადგნენ მის საზღვარს, იმუქრებიან, პრობლემებს სამხედრო-ტექნიკური გზით გადავწყვეტთო, თან “გვახსენებენ”, უკრაინა ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი წარმონაქმნიაო.

რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ როგორც 2008 წელს საქართველოში უკრაინაშიც საკუთარი ინტერესების დასაცავად შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს. ფაქტია, კრემლს ძალზე კონფრონტაციული პოლიტიკა აქვს დასავლეთთან. ახლა საინტერესო ის არის, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. თუმცა დასავლეთზე, როგორც კოლექტიურ ორგანიზაციაზე, საუბარი რთულია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ – ქართველები, უკრაინელები, როგორი იქნება ჩვენი მისწრაფებები. თუ ჩვენგან წავა სიგნალი, რომ პრინციპულად დასავლური კურსის ერთგული ვრჩებით და ვართ სანდო პარტნიორები, რომელთაც სურთ გახდნენ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და აქვთ კიდეც ამის შესაძლებლობა, მაშინ დასავლეთი შეეცდება არ დაუშვას რუსეთის ჰეგემონია ამ რეგიონში. ერთია, რა უნდა რუსეთს, მეორე – რა უნდა დასავლეთს და მესამე – რა გამოვა აქედან. თუ ჩვენ ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფოს დავემსგავსეთ, არაფერი გამოვა. საკითხავი ის არის, საერთოდ გვაქვს თუ არა პოლიტიკა. სად ხედავთ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში ან თუნდაც ოპოზიციაში?! ესენი არიან აქტივისტები, რომლებიც მოკლევადიანი ამოცანების შესასრულებლად იბრძვიან. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს გრძელვადიანი პოლიტიკური ხედვები, კრიზისიდან გამოსვლის ფართომასშტაბიანი ანალიზები, ღირებულებები, იდეოლოგიები. ჩვენ პოლიტიკა კი არა, ქვეყნის ძალიან მდარე ხარისხის კორპორაციული მენეჯმენტი გვაქვს. ამაში თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს. მათ მთლიანად დაცალეს პოლიტიკა პოლიტიკური მიზნებისგან. რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რომელიმე საფრთხეს მომზადებული დავხვედროდით ან რომელიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოვსულიყავით?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკურ კლასს არც განათლება აქვს და არც ხედვა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 90-იანი წლების პოლიტიკოსების საუბრის შინაარსი და კონტექსტიც კი უფრო ხარისხიანი იყო. ქვეყანა დაცლილია ინტელექტუალური შესაძლებლობებისგან. ჩვენ შევქმენით ნახევრად რეზისტენტული, მითოლოგიურ პათოსში ჩაძირული საზოგადოება, რომელიც მთავარ პრობლემებზე არ ამახვილებს ყურადღებას, სოციალურ კაპიტალს ვერ აწარმოებს და დღიდან დღემდე გადარჩენაზე ფიქრობს. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, სახელმწიფოს გადარჩენის რესურსი თუ გააჩნია და არა იმაზე, რომელიმე დეპუტატი შევა თუ არა პარლამენტში. წარმოუდგენელი რამეები ხდება – ერთი მხრივ, ვხედავთ აშკარა პოლიტიკურ რევანშს. კი, სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს, პოლიტიკური რევანშია და არა მართლმსაჯულების აღსრულება. რომელმა ინსტიტუციამაც გაბედა და სახელმწიფოს ნების წინააღმდეგ წავიდა, რეპრესიების მსხვერპლი გახდა – ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ გააჩნია შორს გამიზნული პოლიტიკა. უბედურება ის არის, რომ ალტერნატივას ვერც ოპოზიცია გვთავაზობს და პრაქტიკულად რეაქციულ პოზიციაშია, ელოდება, როდის დაუშვებს შეცდომას ხელისუფლება, რომ მერე თავადაც რაღაც თქვას. ამათი შემყურე რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდე?!”,- აცხადებს გობრონიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე – “ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოლო ვერსია 2011 წლით თარიღდება…” – პასუხობს:

“რომელ კონცეფციაზეა ლაპარაკი, როცა ისიც კი არ ვიცით, საფრთხე რა არის. ყარაბაღის ბოლო ომის დროს ერთადერთხელ შეიკრიბა პრემიერთან არსებული სათათბირო და იცით, რა დასკვნა გამოიტანა?! თურმე ნეიტრალურები უნდა ვყოფილიყავით. კარგი, ვიყოთ, მაგრამ მერე რას ვაკეთებთ, ეს აღარ ვიცით და არც გვაინტერესებს. იმისთვის კი არაფერს ვაკეთებთ, რომ სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკური ფუნქცია შევძინოთ, არა, ძალიან გამარტივებული გვაქვს ყველაფერი, გადარჩეს ხელისუფლება ან შეცვალოს ოპოზიციამ – აი, ამაზეა კონცენტრირებული დღეს ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი”.

არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი დასავლეთმა უნდა გაგვცეს – უღირს კი ასეთ ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება? უფრო მეტსაც გეტყვით, ისიც საკითხავია, უღირს კი რუსეთს ჩვენთან საუბარი? პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მალე აღარავინ დაგველაპარაკება, აღარაფერს შეგვეკითხებიან, უბრალოდ, გვაიძულებენ! 90-იან წლებში რა რესურსიც გვქონდა შემორჩენილი, რომ პროაქტიული დიპლომატია გვქონოდა, დროთა განმავლობაში ყველაფერი გავფლანგეთ, დღეს აღარაფერს ვაკეთებთ. შეხედეთ საინფორმაციო ნიუსებს, ნუთუ ეს სერიოზულია?! ვინმე მსჯელობს კრიზისის მოგვარებაზე? მარტო პანდემიის არასწორად მართვის გამო უნდა გადამდგარიყო ხელისუფლება, თანაც რამდენიმეჯერ, მაგრამ არა! დღეში 80-90 კაცის სიკვდილი სტატისტიკად ვაქციეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დაიცალა ღირებულებებისგან. მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა დაკარგეს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ხალხს დაშორდნენ. შესაბამისად, ხალხიც აღარ ენდობა. ქვეყანაში რომ 67% გყავს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ხალხი ოდესღაც მივა საარჩევნო ურნასთან, არა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს საერთოდ აღარ სწამს მათი. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ეს ყველაფერი სახიფათო ფორმას მიიღებს. როდესაც პოლიტიკური ნიჰილიზმი აპათიაში გადაიზრდება, მერე პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები