რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი?!

„იმის გამო, რომ 2013 წლის ბოლო კვარტალში ხაზინიდან გამოვიდა ძალიან ბევრი ფულის მასა, ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი, გაუფასურება, რამაც გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრისას. დეპუტატი ეკონომიკის მინისტრისგან დაინტერესდა, თუ რამდენად ლოგიკურია, არსებული ეკონომიკური მონაცემების ფონზე, თანამდებობიდან დიასპორისა და კულტურის მინისტრებს ათავისუფლებდნენ და არა სხვებს.
“შარშან, მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყნის ეკონომიკაში იყო სერიოზული პრობლემები და შესაბამისად, ბიუჯეტშიც იქნებოდა სერიოზული პრობლემები. მინდა გკითხოთ, თუ რა შედეგები მივიღეთ 2013 წლის შემდეგ. როდესაც ჩვენ დავამტკიცეთ 2013 წლის ბიუჯეტი, იქ იყო მითითებული, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს უნდა გამხდარიყო 32 მილიარდი ლარი. ჩვენ გვაქვს 2014 წლის ბიუჯეტი და მისი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა წელს შეიძლება გახდეს მაქსიმუმ 29 მილიარდი ლარი. ანუ, იმის გამო, რომ 2013 წელი იყო სერიოზულად ჩავარდნილი, ჩვენმა ეკონომიკამ ამ ორ წელიწადში დაკარგა 3 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში გაირღვა 600 მილიონ ლარზე ცოტა მეტით, სახარჯო ნაწილში – 700 მილიონ ლარზე მეტით, ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა 4%-მდე, ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვების მხრივ ჩვენ გვქონდა კლება და 2013 წლის შედეგად ქვეყანას წელს უწევს მილიარდ 636 მილიონი ლარის ვალის აღება. იმის გამო, რომ ბოლო კვარტალში 2013 წელს ხაზინიდან გამოვიდა ძალიან ბევრი ფულის მასა, ამან გამოიწვია ეროვნული ვალუტის კურსის დისბალანსი, გაუფასურება და რამაც გამოიწვია იმპორტირებულ საქონელზე და პირველადი მნიშვნელობის პროდექტებზე ფასების ზრდა. ამის გამო, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და პენსიას ასცდა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები