ყველაზე დიდი და ხალხმრავალი აეროპორტები
რომელია მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. გააჩნია, რა კრიტერიუმით შევაფასებთ ამა თუ იმ მათგანს. მაგალითად, ფართობის და ტერმინალების მოცულობით, ყველაზე დიდი აეროპორტი დუბაიში მდებარეობს. აეროპორტი „დუბაი“ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, თავისი სამი ტერმინალით, უპრეცენდენტოა მსოფლიოში და მათი საერთო ფართობი, დაახლოებით, 3,5 ათას პექტარს შეადგენს. მარტო მე-3 ტერმინალის ფართობი 1 მილიონი კვადრატული მეტრია და აქ არის ყველაფერი, დაწყებული სპა ცენტრებით, მაღაზიებით, კინოდარბაზით და უზარმაზარი გასართობი ცენტრით დამთავრებული. აეროპორტის კორპუსებს შორის დაშორება იმდენად დიდია, რომ აქ გადაადგილება შიდა მეტროსა და ე.წ. შატლების მეშვეობით ხდება.
საუდის არაბეთში მდებარე მეფე ფახდის სახელობის აეროპორტი თავისი გრანდიოზულობით წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. შედარებისათვის გეტყვით, რომ ფართობი, რომელზეც ფახდის აეროპორტია განფენილი, ორჯერ აღემატება ლატვიის დედაქალაქის, რიგის ფართობს. თავისი გრანდოზულობის მიუხედავად, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აეროპორტი მგზავრთნაკადის სიმწირით გამოირჩევა. 4 მილიონი მგზავრი წელიწადში- ამ მაჩვენებლით ფახდის აეროპორტი მსოფლიო ასეულშიც კი ვერ შედის. ამის მიზეზად სპეციალისტები აეროპორტის არახელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებენ.
მგზავრთნაკადის მოცულობით, ატლანტის აეროპორტს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. „ჰარდსფილდ – ჯექსონი“ ყოველწლიურად 90 მილიონ მგზავრს ემსახურება. აეროპორტს ერთდროულად სამი თვითმფრინავის მიღება შეუძლია. „ჰართფილდ – ჯექსონის“ 55 ათასი თანამშრომელი ყოველდღიურად 250 ათას კაცს ემსახურება. აეროპორტი 2 ათას ჰექტარზეა განფენილი.
აეროპორტი „შოუდუ“ ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის მთავარი საჰაერო ჭიშკარია. ყოველწლიური მგზავრთნაკადი აქ 80 მილონს აჭარბებს.
მესამე ადგილზე, მგზავრთნაკადის რაოდენობით, ჩიკაგოს აეროპორტი “ო ჰარაა”. აეროპორტის 4 ტერმინალი ყოველწლიურად 75 მილიონ მგზავრს ემსახურება.
ევროპის ყველაზე დიდ აეროპორტად ლონდონის “ჰიტროუ” ითვლება. 100-ზე მეტი ავიაკომპანიის თვითმფრიანვები აქედან ყოველდღიურად 170 მიმართულებით ახორციელებენ რეისებს.
ტოკიოს აეროპორტი “ჰენედა” ყოველწლიურად 70 მილიონ მგზავრს ემსახურება. აეროპორტი უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და განსაკუთრებული კომფორტით გამოირჩევა.
დალასის აეროპორტის ერთ – ერთი მთავარი პრიორიტეტი სატვირთო გადაზიდვებია. აეროპორტი ყოველწლიურად 60 მილიონ მგზავრს ემსახურება, ხოლო გადაზიდული ტვირთების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდს აჭარბებს.
60 მილიონ მგზავრს ემსახურება ყოველწლიურად პარიზის „შარლ დე გოლის“ სახელობის აეროპორტი. აეროპორტის მთავარ ნაკლად ბარგის ხშირი დანაკარგები ითვლება.
ჰონგ-კონგის აეროპორტი, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და ძვირიანი აეროპორტების სიაში პირველია. აბსოლუტური კომფროტი და გამარტივებული პროცედურები ჰონკონგის აეროპორტის მთავარი სავიზიტო ბარათია. ყოველწლიურად აეროპორტის მომსახურებით 50 მილიონი ადამიანი სარგებლობს.