შალვა პაპუაშვილი – კალასის განცხადებაზე: ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

,,როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში 1921 წელს, ისინიც ქართველი ხალხის დასახმარებლად და ქართველი ხალხის სახელით შემოვიდნენ”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კაია კალასის განცხადებას, რომ ის „მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლებას“.

პაპუაშვილის თქმით, სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ასე შემოვიდა ხიშტით წითელი არმია საქართველოში და ასე გაგვიუქმა სუვერენიტეტი, ვინაიდან თქვა, რომ არა ხალხის ნებაა მნიშვნელოვანი, არამედ მე ვისაც მინდა, იმას დავარქმევ ხალხს, ამას ავიღებ საბაბად, შემოვალ და შენს სუვერენიტეტს გავაუქმებ ხიშტით.

ჩვენს სუვერენიტეტს ხიშტით გააუქმებენ თუ სიტყვით, ამას სახელმწიფოებრიობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის, რაც გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა საგარეო წარმომადგენელმა თქვა, არის ჩვენი სუვერენიტეტის სიტყვით გაუქმება. ის, რაც წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა კაია კალასი ცდილობს, სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმოს. [ცდილობს] მან, შეარჩიოს, აირჩიოს, რა არის ქართველი ხალხი მისთვის და მისი ქართველი ხალხი არის მის მიერ დაფინანსებული აგენტურა და მისი წარმოსახვითი ქართველი ხალხის სახელით გაგვიუქმოს სახელმწიფო.

ეს არის პირდაპირ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება, როდესაც ქართველ ხალხს ართმევენ უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რას ნიშნავს სიტყვათა წყობა, რომ „ხალხს ვუჭერ მხარს და ხელისუფლებას არა“? ეს ხელისუფლება ვისია? – ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა, ეს არის დემოკრატია. ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა, რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები