საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობები გაუმჯობესდება

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით,სასაზღვრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზება და სასაზღვრო სექტორების მშენებლობა გრძელდება. როგორც მინისტრმა პარლამეტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2013 წლის დეკემბერში დასრულდა სასაზღვრო სექტორების „კარწახისა“ და „სამების“ სამშენებლო სამუშაოები; 2014 წელს დაიწყო 8 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა; სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) მონაკვეთზე აშენდა 7 ერთეული ბლოკ–პოსტის შენობა. N2 სამმართველოს (ახალციხე) მონაკვეთზე მოეწყო 4 ახალი სათვალთვალო კოშკურა და განხორციელდა 6 კოშკურის რეაბილიტაცია; 2014 წლის 24 ივნისს გაიხსნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა და აღჭურვილია ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით; დაიწყო სანაპირო დაცვის ბათუმის ბაზის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2015 წლის სექტემბერშია დაგეგმილი; გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა სამუშაო პირობები, გაიზარდა მათი თანამდებობრივი სარგოები. მისვე თქმით, გაუმჯობესდება საგანგებო სიტუაციების მართვის შესაძლებლობები.
“მესტიასა და სტეფანწმინდაში შეიქმნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ქვეგანყოფილებები. მათთვის აშენდა კოტეჯები, გადაეცათ სამაშველო აღჭურვილობა და ავტომანქანები. სტეფანწმინდაში სამაშველო სამსახურის ახალი შენობა ექსპლოატაციაში შევიდა 2013 წლის დეკემბერში, ხოლო მესტიაში 2014 წლის 3 აპრილს. საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვისა და ერთიანი ორგანიზების მიზნით განხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის რეფორმა“-აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტული სფეროდ დარჩება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების პოლიტიკა. “შსს–ში წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ინიციატივის „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“–ს თბილისის რეგიონული სამდივნო, რომელიც საქართველოს, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში აღნიშნულ სფეროში საკვანძო ქვეყანად აქცევს. შსს, ასევე სათავეში უდგას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს. შემუშავებულია ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. დასკვნით სტადიაშია სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. შსს დიდ ყურადღებას დაუთმობს ნორმატიული ბაზის დახვეწას. მათ შორის, აღსანიშნავია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა „კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ” ევროპულ კონვენციასთან, სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამინისტროს მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. მოხდება შსს-ს შესაძლებლობების განვითარება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით“,-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები