კელი დეგნანი: ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად
„ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას.
„ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შეშფოთება გამოგვეხატა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, განსაკუთრებით იმ დებულებებთან დაკავშირებით, რომელიც მთელი პერსონალის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩვენ გვქონდა ასევე შეკითხვები პროცესის დაჩქარებულად წარმართვასთან დაკავშირებით. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ ჩვენს შეშფოთებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ცვლის სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დისციპლინარულ პროცედურას და ასევე სხვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შემავალი სხვა ცვლილებები. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის გარეშე. ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური კანონპროექტი და იმსახურებს ფართო კონსულტაციას და დროს იმის განსასაზღვრად, რა არის საქართველოს საუკეთესო ინტერესებში. ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ გადადონ პროცესი. მე მოვისმინე, რომ სასამართლო რეფორმის კონსულტაციების პროცესის დაწყება იანვარში იგეგმება. ჩვენი რეკომენდაციაა, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებულად და იყოს სრულყოფილი შეფასების ნაწილი”,- განაცხადა ელჩმა.