პაატა მანჯგალაძე: პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი ხშირი ცვლილება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს
“პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი ხშირი ცვლილება „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე მიუთითებს, ასეთი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არსებობს”,-ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას გადადგომა.
მისივე თქმით, საქართველოში არც ერთი კონსტიტუციური ორგანო თავის ფუნქციას არ ასრულებს.
„კუჭავა რასაც აკეთებდა დიპლომატიურად, ახლა ამას გააკეთებს პაპუაშვილი პირდაპირ, ხისტად, ყოველგვარი შემოვლისა და დიპლომატიის გარეშე. ეს იქნება განსხვავება. სამწუხაროა ის, რომ საქართველოში არც ერთი კონსტიტუციური ორგანო თავის ფუნქციას არ ასრულებს და ამას თქვენც გრძნობთ. ყველა თანამდებობა ფიქციაა. მანქანა ემსახურებათ, პრემიებს, ხელფასებს იღებენ, მაგრამ ამის უკან არანაირი შინაარსი არ გააჩნიათ არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს სამწუხაროდ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ძალაუფლება კულუარებიდან ისევ საჯარო სივრცეში გადმოვიტანოთ, როგორც არის კონსტიტუციით განსაზღვრული”, – განაცხადა მანჯგალაძემ.