ანდრია ჯაღმაიძე: იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა

“შეთანხმების პირველივე ნაბიჯზე, როდესაც ვისმენთ ისეთ არგუმენტებს, რომელზეც ვერაფრით შეთანხმდება ორი მხარე, წინ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი გზა გვაქვს”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ ეროვნული შერიგების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, შერიგებას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, ეს არის – უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო.

“მე მსჯელობებში შევეცდები, რომ არ შევიდე, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი – ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის – უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს.
​ვერ გეტყვით, ვისურვებდი, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ იქნება. ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული, ვინც მონაწილეობს შესარიგებელ ამ ორ მხარეში“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები