რიმა ბერაძე – ეკონომიკის მინისტრს: მისასალმებელია, რომ თქვენს გამოსვლაში აქტიურად ისაუბრეთ ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე
„მისასალმებელია, რომ თქვენს გამოსვლაში აქტიურად ისაუბრეთ ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, შესაბამისად, ისაუბრეთ პრობლემებზე და გაქვთ მომავლის გეგმები“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, რომელსაც პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სხდომაზე უსმენენ.
რიმა ბერაძემ რამდენიმე კითხვით მიმართა მინისტრს და დაინტერესდა, რა მიმართულებებით დაიხარჯება უწყების გაზრდილი ბიუჯეტი მეწარმეობის განვითარებისთვის, რა ახალ პროგრამებს განახორციელებს სამინისტრო და ქვეყნის რეგიონებში როგორ მოწესრიგდება ინტერნეტიზაციის საკითხი.
„ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ ბიუჯეტი და თქვენს ნაწილში ბიუჯეტი გაიზარდა 150 მილიონი ლარით და ამ მუხლში ჩაწერილია, რომ ეს ფული მოხმარდება სხვადასხვა ღონისძიებას და იქნებ გვითხრათ, სად იქნება ეს თანხები მიმართული?
თქვენ ისაუბრეთ მეწარმეობის განვითარებაზეც. 237 მილიონი ლარით ფინანსდება მომავალ წელს მეწარმეობის განვითარება და იქნებ გვითხრათ რა ახალი პროგრამები იქნება სამინისტროს მიერ ხელშეწყობილი.
ასევე აღნიშნეთ, რომ სამინისტრო მაქსიმალურად მუშაობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგდეს ინტერნეტიზაცია სოფლებსა და რაიონებში. გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 34 მილიონი ლარით ეხმარება ევროსაბჭო ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას. გამეცით პასუხი, კონკრეტულად, რომელი სოფელი, რომელი რაიონი და, ზოგადად, რამდენი ადამიანის მომსახურება იქნება ამ პროექტით უზრუნველყოფილი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.