დავით ბაქრაძე: მიღებაზე არ მივდივარ ნაძვის ხის გამო, მივდივარ, რომ პასუხები მივიღო მთავარ კითხვებზე, როგორ წარმოუდგენია პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა
“პრეზიდენტის მიღებაზე დასწრებას ვაპირებ, მაგრამ იქ არ მივდივარ მიღების, ნაძვის ხის და შამპანურის გამო, მივდივარ, რომ პასუხები მივიღო მთავარ კითხვებზე, თუ როგორ წარმოუდგენია ეროვნული თანხმობა, როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, საუბარი ეროვნულ თანხმობაზე მხოლოდ საუბრად დარჩება.
“მივდივარ, რომ მივიღო პასუხები კითხვებზე, თუ როგორ წარმოუდგენია, საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული თანხმობა მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, როგორ წარმოუდგენია თანხმობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან მიმართებით, როგორ წარმოუდგენია თავის როლი და მზად არის თუ არა, გადადგას ნაბიჯები მაშინ, როცა დღეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი პრაქტიკულად დასრულდა. როგორ ხედავს ეროვნულ თანხმობას მაშინ, როცა მიმდინარეობს სასამართლო პროცესები მედიამენეჯერების ავთო წერეთლის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხიც აინტერესებს საზოგადოებას და მაინტერესებს მე. თუ არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ამ შემთხვევაში საუბარი ეროვნულ თანხმობაზე დარჩება მხოლოდ საუბრად და კეკლუცობად დასავლელი პარტნიორების წინაშე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს საახალწლო მიღებას გამართავს.