ნანა კაკაბაძე: ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატია, მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით არის გულმოწყალე
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, სახალხო დამცველი – ნინო ლომჯარია მიკერძოებულია და ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დანამატს წარმოადგენს. ამის შესახებ კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორმაგი სტანდარტები დამკვიდრდა.
„მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კომენტარი გაგვეკეთებინა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმ ორმაგ სტანდარტებზეც, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დამკვირდდა. ამ ორმაგ სტანდარტებს რატომღაც ისევ ომბუდსმენი ამკვიდრებს.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე ომბუდსმენის შეფასება, რომ სააკაშვილი არ შეიძლება, გლდანის მერვე დაწესებულებაში იყოს გადაყვანილი, თუმცა, არანაირი ახსნა იმის, რასაც ომბუდსმენი ამბობდა, არ ყოფილა არც მისი მხრიდან და ამას არც ლოგიკურად არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის არის მიკერძოებული, ის არის ამ პარტიის დანამატი ქვეყანაში, ის არ არის იმ როლსა და იმ ფუნქციაში, რასაც მას ანიჭებს ობუდსმენის შესახებ კანონი, რაც მთავარია, რასაც ავალდებულებს კანონი, რომ იყოს თანაბარი, კანონის შესაბამისი თავის შეფასებებსა და თავის ქმედებებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებით, ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებით არის გულმოწყალე.
თუმცა, ამას მხოლოდ გულმოწყალებაში ვერ ჩავთვლიათ, ამას, ალბათ, სხვა, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, რომელიც შეიძლება, იყოს დაფარული, მაგრამ არაფერია დაფარული და აეხდება ფარდა, თუ რა დგას ამის უკან. ამის უკან დგანან პატიმრები, რომლებიც ისმენენ ომბუდსმენის ამ შეფასებას და, ბუნებრივია, მათ აქვთ პროტესტის გრძნობა. უკვე არა მარტო იმ პატიმრის მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სისტემურ დანაშაულს ციხეში, წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, არამედ დღეს უკვე იმ სახალხო დამცველის მიმართ, რომელიც ასეთი არასამართლიანი, მიკერძოებულია“, – განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, დღეს საზოგადოება გახლეჩილი არ არის, ერთ მხარეს დგანან კრიმინალები, მათი გარემოცვა, მეორე მხარეს კი – ქართული სახელმწიფო და მისი მოქალაქეები.
„სამწუხაროდ, ნინო ლომჯარია მიეკუთვნება იმ გუნდს, რომელმაც წამოიწყო კამპანია, რასაც დაარქვეს, ერთი მხრივ, შერიგება, მეორე მხრივ კი, საზოგადოების გაერთიანება.
ერთიც და მეორე ტერმინიც აბსოლუტურად გაუგებარი და შეუსაბამოა იმ პროცესთან, რასთანაც გვაქვს საქმე. გაჟღერებული შერიგება გაუგებარია, რას გულისხმობს. ალბათ, ამ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა უნდა ესმოდეს, რომ არავის შერიგებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს, რადგან არავინ არავიზე გაბუტული არ არის დღეს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სულ მცირე, 300 ათასი ოჯახი, რომელმაც გამოიარა ჯოჯოხეთი სააკაშვილის რეჟიმის დროს, ითხოვს სამართლიანობის ადგენას და დამნაშავეთა დასჯას. მეორე მხრივ, არსებობს ის გუნდი, რომელმაც ჩაიდინა ქვეყანაში დანაშაულებები, შექმნა სისტემა ამ 9-წლიანი რეჟიმისა და ბუნებრივია, მას ჰყავს პასუხისმგებელი პირები.
დღეს ქვეყანა სტაგნაციაშია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ქვეყანაში არ აღდგა სამართლიანობა, არ დაისაჯნენ დამნაშავეები. საზოგადოებამ ვეღარ გაარკვია, რა არის დანაშაული და რა არის დანაშაული. ამას ხელს უწყობს ეს ხელოვნური კამპანიები, დამნაშავეთა დანაშაულის დაფარვაზე შერიგების დარქმევა.
არანაირი საზოგადოება დღეს გახლეჩილი არ არის. ერთ მხარეზე დგანან კრიმინალები და მათი გარემოცვა, რომელმაც ჩაიდინეს სისხლიანი დანაშაულებები ამ ქვეყანაში, დაკარგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი და მეორე მხარეს დგას ქართული სახელმწიფო, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები.
ამასთან შეგუება და შერიგება არ არის დემოკრატიული ღირებულება, დემოკრატიული ფასეულება, ეს არ არის კანონის უზენაესობა. ასეთი რაღაცისკენ მოწოდება არის ხელყოფა ყველა იმ ღირებულებისა, რაზეც უნდა იდგეს თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება. ასეთი მოწოდებები ჩვენ მიგვაქანებს არა დასავლეთისკენ, არამედ – რუსული პოლიტიკისკენ, რომელიც მოკლებულია ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.