Foreign Policy: რუსეთი გეგმავს დესტაბილიზაციას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ – საქართველოშიც

ლონდონის თავდაცვის გაერთიანებული ინსტიტუტის ექსპერტი, ნათია სესკურია მიიჩნევს, რომ, კრემლის მჭიდრო გრაფიკის მიუხედავად, სამხრეთ კავკასია კვლავ მის დღის წესრიგშია.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რჩება რეგიონში დასავლეთის ერთადერთ საიმედო მოკავშირედ, რუსეთის მიზანია, აღკვეთოს დასავლეთის გავლენა რეგიონში.

ამის შესახებ ვრცელი სტატია Foreign Policy-ში გამოქვეყნდა.

კრემლმა უკრაინაში შექმნა კრიზისი და ლუკაშენკოს უგუნური გადაწყვეტილებები თავის სასარგებლოდ გამოიყენა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყნის შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა და პოლარიზაცია პუტინს რუსეთის გავლენის გაზრდისთვის ხელს აძლევს. გარდა ამისა, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი სამხედრო ყოფნა რეგიონში და ახლა რუსული ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა განლაგებული.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რუსეთი ცდილობს – ხელი შეუწყოს თანამშრომლობის “3+3”-ის პლატფორმის შექმნას. ეს საკამათო იდეა აერთიანებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს თურქეთთან, რუსეთსა და ირანთან ერთიან სტრუქტურაში, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის, ერთობლივი ეკონომიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით. ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საბაბით, რუსეთი ცდილობს, დაიმკვიდროს დომინანტური ძალა და ამით საქართველოს იზოლირება მოახდინოს დასავლეთისგან. ასეთი ფორმატი მოსკოვს საშუალებას მისცემს, პოტენციურად დააკანონოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა და მათი მონაწილეობა ფორმატში, როგორც “დამოუკიდებელი” სუბიექტების.

გარდა ამისა, საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს უქმნის კრემლს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზაციისთვის და ქვეყანა დასავლეთს წარუმატებელ სახელმწიფოდ წარუდგინოს.

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით, რომელიც ორ საქმეზე დაუსწრებლად გაასამართლეს და დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს. კონსენსუსის მიღწევაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარუმატებლობამ, ქუჩის გაუთავებელმა საპროტესტო აქციებმა ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობა გაზარდა. იმავდროულად, ადგილობრივი პრორუსული ძალები ღიად უჭერენ მხარს ძალადობას, სიძულვილის ენასა და რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს, რაც კრემლის მრავალგანზომილებიან მიდგომას უწყობს ხელს, რომ თბილისი დასავლეთს დააშოროს.

სამხედრო ძალისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, კრემლი ცდილობს, აჩვენოს, რომ ოდესღაც პერსპექტიული ახალგაზრდა დემოკრატიები – საქართველო და უკრაინა სულ უფრო მეტად ხდებიან წარუმატებელი ქვეყნები, რომლებიც უვარგისები არიან ნატო-ს წევრობისთვის.

დასავლეთმა უბრალოდ ძალიან ბევრი დრო დაკარგა რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილების მცდელობაში და “ჩრდილოეთ ნაკადი2” იყო ბოლო მარცხი კრემლის დამშვიდების პროგრამაში.

უკრაინისა და საქართველოს გაკვეთილების გაუთვალისწინებლობა უქმნის რუსეთის მხრიდან ევროკავშირის საზღვრებს პირდაპირ საფრთხეს. ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ის, რაც რუსეთის მიდამოებში ხდება, უცვლელი არ დარჩება. ახლა დასავლეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი რუსეთის შეკავებასა და დამარცხების აღიარებას შორის და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები დემოკრატიისთვის აღმოსავლეთ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ”, – წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები