ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა მოგვარება აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანა ამ მძიმე პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან გამოვიდეს. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი დაძლეული იყოს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება. ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, პოლიტიკური დევნისა და შურისძიების მსხვერპლი.
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვისაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის, სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, მათ მიმართ ფართო მასშტაბიანი დევნა ხორციელდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
მისი თქმით, ფრაქციის წევრებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი ხედვა გააცნეს.