ბატალიონის სამხედრო ექიმები მთიან რეგიონში მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ
საქართველოს თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს. ორ უწყებას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო ბატალიონის სამხედრო ექიმები მთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.
ცალკეული სამედიცინო ბატალიონის სხვადასხვა პროფილის ოთხი სამხედრო ექიმი ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითის „გადაუდებელ სამედიცინო დახმარების ცენტრში“ გაემგზავრა. ტრავმატოლოგი, კარდიოლოგი, რადიოლოგი და ანესთეზიოლოგ-რევმატოლოგი ადგილობრივ მოსახლეობას დროულ და ეფექტურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ. ბორითის სამედიცინო ცენტრში სამხედრო ექიმებმა პირველი პაციენტები უკვე მიიღეს. სამხედრო ექიმები მაღალმთიან რაიონებში ერთმანეთს როტაციის წესით ჩაენაცვლებიან. უახლოეს მომავალში სამედიცინო ბატალიონის წარმომადგენლები სვანეთის, სტეფანწმინდისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევენ.