ბადრი ჯაფარიძე – კობა გვენეტაძეს: ეროვნული ბანკი ძირითადი ამოცანის შესრულებას ვერ უმკლავდება, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს

“ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. როდის აპირებთ, გადადგათ ეს ნაბიჯი?”, – ასე მიმართა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს წარადგენს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა დაბალ საპროცენტო განაკვეთებს ვერ უზრუნველყოფს.

„ცალსახაა, რომ ვერ უმკლავდება ეროვნული ბანკი მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას და, ასევე, უნდა ითქვას, რომ მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში. რაც შეეხება დასაქმებას, ამ ნაწილშიც ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად არაეფექტურია და, საბოლოოდ, ეს ყველაფერი გვაძლევს ობიექტურ საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ეროვნული ბანკისთვის განსაზღვრულ ძირითად ამოცანას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს იმიტომ, რომ თუკი ის ვერ ასრულებს ძირითად ამოცანას, მაშინ რა აზრი აქვს მის დარჩენას პრეზიდენტის პოსტზე?! ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მაღალკვალიფიციური ადამიანები არიან იქ, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, კითხვა – როდის აპირებთ გადადგათ ეს ნაბიჯი?“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები