კახა ქემოკლიძე: გახარია შეიძლება, ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში

გახარია შეიძლება, ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკებში – საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს უყვარდათ მსგავსი მეთოდოლოგიის გამოყენება, სხვას აბრალებდნენ იმას, რასაც თავად აკეთებდნენ, – ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კახა ქემოკლიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა კალაძემ მსგავსი შინაარსის განცხადება.

“ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით – ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი – ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით – ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის – ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი.
ზოგადად რომ შევაფასო გუშინდელი საღამო, ვისურვებდი, ბევრად უფრო შინაარსიანი, ბევრად უფრო სოლიდური ყოფილიყო. საკრებულოში გუშინდელი შეხვედრა არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს, კითხვას ასმევინებდნენ, უსმენდნენ (ეს მხოლოდ მმართველ პარტიას არა, ოპოზიციასაც ეხება), მივიღეთ მასკარადი და უკბილო ხუმრობები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საკრებულოს რეპუტაციისთვისაც”, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს მიმართა და განაცხადა, რომ უხერხულია, მმართველობაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს. მერმა შარაშიძეს ურჩია მოიძიოს გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელებული პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები