კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიასა” და „ლევორს” შორის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

შეტყობინება მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ უკავშირდებოდა „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის” მიერ „ლევორის” 100% წილის მფლობელისაგან 44,995% წილის შეძენას, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონცენტრაციის მონაწილე მხარეები მოქმედებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე. კერძოდ, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის” საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა საკვები პროდუქტების რეალიზაცია, ხოლო შპს „ლევორის” – საოჯახო ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა.

მიღებული და დამუშავებული მასალების შესწავლის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ „ქართულ სადისტრიბუციო მარკეტინგულ კომპანიასა” და „ლევორს” შორის დაგეგმილი კონცენტრაცია „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის სასაქონლო ან მომსახურების ბაზარზე და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. მხარეები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე და დაგეგმილი კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს 2 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
ამ ეტაპზე, 1 საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა სულ 16 552 კონცენტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები