მსოფლიო ეპიდემიები და ისტორია – როგორ დაამარცხა მეცნიერებამ სხვადასხვა დროს გავრცელებული ვირუსები

ხშირად ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რომ კორონავირუსის პანდემიას ხელოვნური საწყისები აქვს, ის ერთგვარი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც ბილ გეითსმა ან რომელიმე მითიურმა მსოფლიო მმართველმა შექმნა. შეთქმულების თეორია უამრავია, ასევე დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ პანდემიას აცრები ვერ შეაჩერებს. მათი უმრავლესობა მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს არ ენდობა. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ გადამოწმებული და წლების განმავლობაში გამოცდილი ვაქცინების ნდობა აქვთ. საინტერესოა, იციან თუ არა მათ, რამდენი პანდემია გადაიტანა მსოფლიომ ან როგორ იქმნებოდა სხვადასხვა ვაქცინა? აქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუი პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ინფიცირებულ ბიჭუნას ისე გაუკეთა, მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიც კი არ იყო. პასტერმა ეს ბიჭიც და სხვა დანარჩენი ადამიანებიც გადაარჩინა, რომლებიც დღემდე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის წყალობით ცოცხლები არიან.
დღეს არავინ რისკავს ლუი პასტერივით, მით უფრო, მეცნიერებს ბევრად უფრო განვითარებული და თანამედროვე საშუალებები აქვთ.
არადა, როგორც ისტორია გვაჩვენებს, სხვადასხვა ვირუსი ყოველთვის იყო ამ პლანეტის არსებობის თანამდევი. უბრალოდ, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი.

პირველი ცნობილი დამანგრეველი ეპიდემია ჩვენი წელთაღრიცხვის 527 წელს ბიზანტიაში დაფიქსირდა. ეს ჭირი იყო, რომელიც იქ ეგვიპტიდან ან ეთიოპიიდან მოხვდა. ბიზანტიას იმ პერიოდში იმპერატორი იუსტინიანე I მართავდა და დაავადებამ „იუსტინიანეს ჭირის“ სახელი მიიღო. ამ საშინელი დაავადების გაჩაღებაში „დამნაშავე“ ჭირის ჩხირი იყო, რომელიც ადამიანებზე რწყილებისგან და მღრღნელებისგან გადადიოდა. ისტორიკოსების დათვლით, „იუსტინიანეს ჭირმა“ 25-30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს შეადგენდა.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე კატასტროფულ პანდემიად ბუბონის ჩუმა („შავი ჭირი“) აღიარეს, რომელსაც „შავი სიკვდილი“ უწოდეს. ის 1346 წლიდან 1353 წლამდე გაგრძელდა და ფაქტობრივად ევროპის მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. საერთო დანაკარგი 75-დან 100 მილიონამდე ადამიანს შეადგენდა. დაინფიცირების წყარო ის რწყილები იყო, რომლებიც შავ ვირთხებზე ბუდობდნენ და შემოჰყვნენ გემებს, რომლებიც ევროპაში ცენტრალური აზიიდან მოხვდნენ. მას მერე, რაც ჭირმა კონტინენტი დატოვა, ის მე-19 საუკუნემდე აღარ გამოჩენილა, თუმცა, როცა გამოჩნდა, უკვე ძალა ჰქონდა დაკარგული. იმ დროისთვის უკვე გამოგონებული იყო ვაქცინა, რომელიც ამ საშინელ ვირუსს წინ აღუდგა. „შავი ჭირის“ აფეთქების დროს, 1947 წელს, მანჯურიაში, საბჭოთა მეცნიერებმა სტრეპტომიცინის მეშვეობით ფეხზე დააყენეს მომაკვდავი ავადმყოფები.

გრიპი H1N1 1918 წელს დაატყდა თავს მსოფლიოს – დაავადდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 50 მილიონიდან 75 მილიონამდე ადამიანი. მისი სახელწოდება „ისპანკა“ ესპანეთის მეფე ალფონსოს დაინფიცირების შემდეგ გავრცელდა. ამ ვირუსის მთავარი იარაღი ის იყო, რომ ადამიანის იმუნიტეტი, რომელიც ვირუსს ებრძოდა, ანადგურებდა არა მხოლოდ მის უჯრედებს, არამედ – ჯანმრთელ უჯრედებსაც და ადამიანი კვდებოდა. ზოგიერთ ქვეყანაში მთლიანი სოფლები და ქალაქები ცარიელდებოდა, ხოლო გვამებს საერთო სასაფლაოებზე მარხავდნენ.
ითვლება, რომ ეს ვირუსი ადამიანზე ფრინველებისგან და ღორებისგან გადავიდა, ხოლო პანდემია საფრანგეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დაიწყო, როცა ის ჰაერწვეთოვანი გზით ადამიანისგან ადამიანზე გადავიდა. არსებობდა განკურნების საკმაოდ უცნაური მეთოდები, ისეთები, რომლებიც დღესაც გვხვდება ხოლმე – სისხლის გამოშვება, ევკალიპტის ინჰალაციები და ზეთების პერორალურად მიღება. ყველაზე მეტად ინფიცირდებოდნენ 22 -დან 40 წლამდე ადამიანები. 18 თვეში პლანეტის მოსახლეობის 30% დაინფიცირდა.
„მორგები ჭერამდე იყო გავსებული. ავადმყოფების მკურნალობის, სიცხის ან წნევის გაზომვის დრო არ იყო. ადამიანებს ისეთი სისხლდენა ჰქონდათ, რომ სისხლი ოთახის ყველა მხარეს ასხამდა“,- წერდა მედდა ჯოზი ბრაუნი.

აქვე გავიხსენოთ ის საინტერესო ფაქტები, რომლებიც მომაკვდინებელ ეპიდემიებს და მათ წინააღმდეგ ბრძოლას თან ახლდა – მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია ედუარდ ჯენერის სახელს უკავშირდება. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა. იმ პერიოდში ვაქცინის შესაყვანად ადამიანს ხელს უსერავდნენ და ისე შეჰყავდათ აცრისთვის საჭირო ვირუსი.

1885 წელს კი დიდმა მეცნიერმა ლუი პასტერმა ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი 9 წლის ბიჭი პირველად აცრა. მას ბიჭუნას დედის თხოვნის შესრულება მოუწია, რადგან ექსპერიმენტი მხოლოდ ცხოველებზე ჰქონდა ჩატარებული, არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ვაქცინა ადამიანის შემთხვევაშიც იმუშავებდა და ბავშვს არ ავნებდა. თუმცა პასტერს სასოწარკვეთილი დედის თხოვნის შეუსრულებლობა არ შეეძლო. საბოლოოდ, მან და მეცნიერებამ გაიმარჯვა… და დღეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა გვაქვს… ამავე დროს, დღევანდელი გადასახედიდან, ნიშანდობლივია ისიც, რომ ლუი პასტერის ლაბორატორიების ფანჯრების წინ დემონსტრაციები მუდმივად მიმდინარეობდა – ხალხი ითხოვდა ექსპერიმენტების შეწყვეტას…

მსოფლიოში დღესაც პანდემია მძვინვარებს, თუმცა მეცნიერება ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ჯენერის და პასტერის დროს იყო და შეგვიძლია, უფრო მეტი გავაკეთოთ ერთმანეთისთვის, ვიდრე, თუნდაც, 1796 წელს ადამიანებს ეს შეეძლოთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები