ანა ნაცვლიშვილი – თეა წულუკიანს: რასაც თქვენ აქ გვიყვებით, ეს არის საბრალდებო დასკვნა თქვენი წინამორბედების მიმართ, რომლებიც თქვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ

„რასაც თქვენ აქ გვიყვებით საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს არის საბრალდებო დასკვნა. საბრალდებო დასკვნა არის თქვენი წინამორბედების მიმართ, რომლებიც თქვენს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, საბრალდებო დასკვნა არის პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების ხელმძღვანელების მიმართ, საბრალდებო დასკვნა არის საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა რომ არის ამ დარგებში და ამის კონკრეტული მაგალითებია, ვისი ბრალია ეს?”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა დღეს ხელისუფლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზეც ისაუბრა და განაცხადა: „მთავარი გამოწვევა არის არაკომპეტენტურობა, არაკვალიფიციურობა და დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელიც თქვენ თავად დაადასტურეთ, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა. მე გეკითხებით, სად არის პასუხისმგებლობა ამ ადამიანების? პასუხისმგებლობა ამ ადამიანების უნდა დააყენოს სამთავრობო გუნდმა, რომელიც არ აყენებს, ანუ თანამონაწილეობს ამ ყველაფერში. ასევე პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს პროკურატურამ, და სასამართლომ და ორივეს რეფორმირებაში თქვენ გქონდათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ანუ არც ერთი სტრუქტურა არ მუშაობდა ქვეყანაში ამ 9 წლის განმავლობაში და ამიტომ დაგხვდათ კულტურაში ასეთი მძიმე მდგომარეობა. კარგია როცა კვალიფიკაციაზე საუბრობთ, და მოითხოვთ ხუროსგან, რომ კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს, მინისტრებსაც და დეპუტატებსაც, პრემიერ-მინისტრსაც მართებს კვალიფიციურობა და კეთილსინდისიერება.

ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ძალიან ძვირფას დარგებს, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა გისურვოთ გულწრფელად წარმატება იმიტომ, რომ თქვენი წარმატებით გადარჩება მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, მაგრამ მაქვს უნდობლობის მიზეზი – რისი წარმატებით რესტავრაციაც მოახდინეთ – ეს არის კლანი სასამართლოში”, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები