“2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ძვირადღირებული ექსპონატიდან 53, სავარაუდოდ, დაკარგულია” – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ძვირადღირებული ექსპონატიდან 53, სავარაუდოდ, დაკარგულია.

როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ინვენტარიზაციის დასრულებისთანავე აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება იქნება დასაწყები.

„ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები, 53 სავარაუდოდ დაკარგულია, შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება.

მინდა, ჩეხეთში ჩვენს საელჩოსა და ჩემს პირველ მოადგილეს ვუთხრა მადლობა, ვინაიდან საელჩოებიდან გადარჩენილი ფერწერული ტილოების დაბრუნების პროცესი დაიწყო და ჩეხეთში ჩვენი საელჩო იყო ამ მხრივ პირველი მერცხალი. დანარჩენ საელჩოებთან, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი კოლეგა ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიმუშავებთ, რომ ეს ექსპონატები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეასა და ხელოვნების მუზეუმში. იქნება სხვა დანაკლისებიც. ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები დაიდება მომავალი წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები