კრემლი მუდმივად ცდილობს სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას, დესტაბილიზაციის გამოწვევას და ქაოსის დანერგვას. ამ მიზნების მიღწევას რუსეთი არა მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებით, არამედ საკუთარი „ფრთის“ ქვეშ აყვანილი ორგანიზაციების მოსყიდვით ცდილობს. ხშირად, ესა თუ ის საგანმანათლებლო, კულტურული თუ საზოგადოებრივი დატვირთვის მქონე ორგანიზაცია, სინამდვილეში მხოლოდ კრემლის სპეცსამსახურების მიზნების შესრულებას ემსახურება. მსგავსი შემთხვევები ევროპის მასშტაბითაც უამრავია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ლიეტუვის საოლქო სასამართლომ, ორი მოქალაქე, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ სცნო. კლაიპედის სასამართლომ მათი საქმეები დახურულ ფორმატში განიხილა. ბრალდებულ ალექსეუს გრეიჩუსს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მან ბრალი არ აღიარა. მინდაუგას ტუნიკაიტისი ციხეში 1,5 წელს გაატარებს, მან თავი დამნაშავედ სცნო.
გრეიჩუსი ცნობილი გამომცემელი, მემარცხენე აქტივისტი და „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორია ქალაქ კლაიპედაში. ის საბჭოთა ძეგლების შენარჩუნებით იყო დაკავებული. მისი ბებია და ბაბუა, ებრაულმა თემმა, ჰოლოკოსტის დროს ებრაელების გადარჩენის გამო, გმირებად აღიარეს. თავად ალექსეუსი სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად რუსეთს ხშირად სტუმრობდა და ახლო კონტაქტები ჰქონდა რუს დიპლომატებთან. ის რუსულენოვანი ახალგაზრდული მოძრაობის „იუვენისის“ ხელმძღვანელია და 2015 წელს კლაიპედის საქალაქო საბჭოში პარტია „ლიეტუვის რუსების კავშირის“ სიით იყრიდა კენჭს. მინდაუგას ტუნიკატისი ქალაქ პაგეგის საქალაქო საბჭოში იყრიდა კენჭს, თუმცა წარუმატებლად.
ორივე მათგანს ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ისინი კონკრეტულ ინფორმაციას აგროვებდნენ და შემდეგ რუსულ სპეცსამსახურს, „ფსბ“-ს გადასცემდნენ. ფიგურანტები ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა ერთსა და იმავე კურატორს ეკონტაქტებოდნენ, რომელიც რუსეთში, კალინინგრადის ოლქში საქმიანობდა. შეგროვებული და გადაცემული ინფორმაციის სანაცვლოდ ისინი ანაზღაურებას იღებდნენ. ტუნიკაიტისი კალინინგრადის ოლქის მოსაზღვრე რაიონში ცხოვრობდა და რუსეთის ტერიტორიაზე რეგულარულად გადადიოდა. წლების განმავლობაში ის იმ ობიექტების ფოტო და ვიდეო გადაღებას ახორციელებდა, რომლებიც „ფსბ“-ს აინტერესებდა. ბრალდების საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გრეიჩუსი თითქმის 4 წლის განმავლობაში აორგანიზებდა ღონისძიებებს, რომლებსაც ნაწილობრივ ან მთლიანად აფინანსებდა რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ბრალდებული კამერით იღებდა ამ ღონისძიებებზე მყოფ პირებს და შემდეგ ჩანაწერებს „ფსბ“-ს აწვდიდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული მხარისთვის გადაცემული ინფორმაცია არ წარმოადგენდა სახელმწიფო დონის საიდუმლოებას, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან მისით ინტერესდებოდნენ უცხოური სპეცსამსახურები. ტუნიკაიტესს პატიმრობის მინიმალურზე ნაკლები ვადა შეუფარდეს, რადგან სასამართლომ მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა.