აზარტული თამაშების აკრძალვა და საქართველო – როგორია მსოფლიო პრაქტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გემბლინგთან, კერძოდ, ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი მოამზადა და უწყება პარლამენტთან აღნიშნული კანონპროექტის მიღებისთვის დაიწყებს მუშაობას.
გასულ კვირას კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა უწყებას ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა და დაანონსდა, რომ დადგინდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, ვისთვისაც აკრძალული იქნება აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ინიციატივა შეეხება 25 წლამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს და გავრცელდება როგორც ონლაინ თამაშებზე, ისე – ხმელეთის სათამაშო ობიექტებზე (ასაკობრივი შეზღუდვა არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე).

გემბლინგის საკითხს მსოფლიოს ქვეყნები ინდივიდუალურად უდგებიან, არის ქვეყნები, სადაც აზარტული თამაშების ყველა ფორმაა აკრძალული, არის ადაპტირებული მიდგომები, ასევე, ზოგან გარკვეული დათქმები მოქმედებს.

მაგალითად, დღესდღეობით ონლაინ-გემბლინგი მთლიანად არის აკრძალული მსოფლიოს 39 ქვეყანაში; 61 ქვეყანა ნებას რთავს ინტერნეტში აზარტულ თამაშებზე, თუმცა, ამ ქვეყნების ნახევარში რეგულაცია მოქმედებს ლოკალურ კომპანიებზე, რადგან ასეთ ქვეყნებში კანონმდებლობა არ არეგულირებს სხვა ქვეყნებში ლიცენზირების იურისდიქციას; 91 ქვეყანა არც ნებას რთავს და არც კრძალავს ონლაინ თამაშებს.
ჯამურად, ონლაინ-გემბლინგზე, ასე თუ ისე, აკრძალვა 132-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, რომელზეც მოდის პლანეტის მოსახლეობის 56%.

მაგალითად, ლათინურ ამერიკაში არის  ქვეყნები, რომლებშიც თამაშები აკრძალულია, ნაწილში რეფორმაზე მიდის მუშაობა, ნაწილში კი “თვალს ხუჭავენ”, ანუ არც კრძალავენ და არც ნებას რთავენ.

ლათინური ამერიკის სიდიდით მეოთხე და ეკონომიკური მაჩვენებლით მეორე ქვეყანაში,  45-მილიონიან არგენტინაში, სადაც მობილური ტელეფონების ფლობა 66%-იან ნიშნულზეა,  აზარტული თამაშები რეგულირდება პროვინციულ დონეზე, ანუ ლეგალურად მომუშავე ოპერატორებს შეუძლიათ მომსახურების შეთავაზება მხოლოდ იმ პროვინციის მაცხოვრებლებისთვის, სადაც ნებართვა აქვთ მოპოვებული. ამასთან, წლის დასაწყისში არგენტინის მთავრობამ ონლაინ აზარტულ თამაშებზე  ოპერატორებისთვის ფედერალური გადასახადი გაზრდა 2%-დან 5%-მდე. თუმცა, ეს გადასახადი განსხვავებულია სხვადასხვა ქალაქსა და პროვინციაში. მაგალითად, ბუენოს-აირესის პროვინციაში  მთლიანი თამაშების შემოსავალზე გადასახადი 25%-ია, მაშინ როდესაც ქალაქ ბუენოს-აირესში – მხოლოდ 10%.  ქვეყანაში ასევე რეგულირდება აზარტული თამაშების რეკლამა – ის არ შეიძლება, გამიზნული იყოს არასრულწლოვნებზე და არ უნდა შეიცავდეს მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას. ქვეყანაში საკუთარი მომსახურების რეკლამირება მხოლოდ ლიცენზირებულ ოპერატორებს შეუძლიათ.

ბოლივიაში 2002 წლიდან აზარტული თამაშების ყველა ფორმაა აკრძალული, რამაც შექმნა ვაკუუმი, რომელიც შეავსეს არალეგალურმა ოპერატორებმა. თუმცა, ამ დრომდე, ქვეყნის კანონმდებლობით გონივრული რეგულირება დაწესებული არ არის, რაც შესაძლოა, “შავი ბაზრის” დომინირებას უკავშირდებოდეს.

ბრაზილიაში  აზარტული თამაშების უმეტესობა აკრძალულია, თუმცა, 2016 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა  სპორტული ფსონების ბაზრის რეგულაცია. აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობა საბოლოოდ 2018 წელს მიიღეს, მაგრამ მისი განხორციელება შეფერხდა.

ჩილეს  ფინანსთა სამინისტრომ შესაბამის კანონპროექტში ცვლილება კონგრესს წლის მეორე ნახევარში წარუდგინა. მოქმედი კანონმდებლობა უკრძალავს ქვეყანაში არსებული კაზინოების ლიცენზირებულ ოპერატორებსაც  ონლაინ მომსახურების გაწევას.

კოლუმბია გახდა პირველი ქვეყანა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც შემოიღო რეგულაციები “ონლაინ აზარტული თამაშების” შესახებ 2016 წელს, ხოლო ლიცენზიების გაცემა დაიწყო 2017 წელს. ამჟამად, ქვეყანაში აზარტული თამაშების თითქმის ყველა ფორმა ლეგალურია (როგორც ხმელეთზე, ასევე, ონლაინ), გარდა დისტანციური დოღისა.  აზარტული თამაშების გადასახადი არის 15%, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორებმა ასევე უნდა გადაიხადონ წლიური გადასახადი 811 მინიმალური თვიური ხელფასის ოდენობით (დაახლოებით, $175,500,175).

კოსტა  რიკაში არ გასცემენ არანაირ ლიცენზიას და მხოლოდ იმ კომპანიებს აძლევენ ოპერირების შესაძლებლობას, რომელთა სამიზნე ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. კოსტა რიკის კანონების თანახმად, კომპანიებს შეუძლიათ, თავიანთი სერვისები შესთავაზონ სხვა იურისდიქციის მოქალაქეებს, რამაც კოსტა რიკა ოფშორული კაზინოების ნამდვილ ცენტრად აქცია – ქვეყანაში 450-მდე iGaming კომპანია მუშაობს.

დომინიკის რესპუბლიკის კაზინოს ინდუსტრია მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ტურიზმის ინდუსტრიის პარალელურად განვითარდა – მთავრობამ დაისახა მიზნად ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია. 60-70-იან წლებში მოხდა აზარტული თამაშების ლეგალიზაცია და საგადასახადო შეღავათები კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ ტურიზმში, მათ შორის, კაზინოებში. ქვეყანაში აზარტული თამაშების ყველა ფორმა რეგულირდება, გარდა – სპორტისა, ასევე, ვირტუალური. ქვეყანაში ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზია, დაახლოებით, 230 000 დოლარი ღირს. გარდა ამისა, ოპერატორს მოეთხოვება, გადაიხადოს $23,000 ადმინისტრაციული გადასახადის სახით.

ჰავანაში გემბლინგის ყველა ფორმა აკრძალულია, გარდა  – ტოტალიზატორისა და ლატარიის. თუმცა, კაზინოები ლეგალური გახდა 2007 წელს, როგორც ტურიზმის სექტორის სტიმულირების ინიციატივის ნაწილი. ამჟამად, ქვეყანაში მხოლოდ ორი კაზინოა და მათში თამაში მხოლოდ მიმდებარე სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ. ამავდროულად, ჰავანაში არ არსებობს კანონი, რომელიც კონკრეტულად კრძალავს ონლაინ აზარტულ თამაშებს.

პანამაში რეგულირდება აზარტული თამაშების თითქმის ყველა ფორმა.ონლაინ აზარტული თამაშები ექვემდებარება ადგილობრივ ლიცენზირებას და ოპერატორებს შეუძლიათ, შესთავაზონ ყველაზე გავრცელებული პროდუქტები. ონლაინ აზარტული თამაშები იბეგრება მთლიანი თამაშის შემოსავლის 10%-ით.

პერუში ონლაინ თამაშები არ რეგულირდება. მთავრობა არც გასცემს და არც კრძალავს ლიცენზიის გაცემას, თუმცა, ქვეყნის მთავრობამ გამოთქვა მზაობა, მოახდინოს ონლაინ-ინდუსტრიის რეგულირება. ამჟამად, მოქმედ რეგულაციებში არ არის ასახული ტექნიკური და მოთამაშის იდენტიფიკაციის სტანდარტები. არ არსებობს დაბეგვრის სქემა, მაგრამ ოფიციალურად აღიარებული ონლაინ ოპერატორები  გადასახადს მთლიანი თამაშის შემოსავალზე 20%-ს იხდიან.

აშშ-ში ონლაინ კაზინოების 72%-ს ფუნქციონირება აქვს აკრძალული; საფრანგეთში – 70%-ს; ისრაელში – 54%-ს; ისლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში – 7%-ს.

აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ  ევროპული ბაზარი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზარია, რომელზეც შემოსავლის 47,6% მოდის, ევროკავშირს არ აქვს პოლიტიკა, რომელიც აზარტული თამაშების ნორმატიულ რეგულაციას უზრუნველყოფს. ამიტომ, თითოეულმა სახელმწიფომ რეგულაცია ინდივიდუალურად აირჩია. ამასთანავე, არსებობს ერთიანი მიდგომა, რომელიც ევროკავშირის სივრცეში მოქმედებს და გულისხმობს – “იცნობდე საკუთარ კლიენტს”(KYC), ანუ თამაშის წინ ყველა მოთამაშე მკაცრად უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინება, უწყება სექტორში დაბეგვრის მიღებულ პრაქტიკას ეყრდნობა და ახალი რეგულაციებით განაწილებული მოგების ნაცვლად დაბეგვრას დაექვემდებარება ე.წ GGR (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობა) 10%-იანი მოგების გადასახადით. გარდა ამისა, გაცემული მოგებები დაიბეგრება თანხის გატანისას 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65%-70%-ით.

ასევე, უწყებამ განსაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებსაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, ესენია სოციალურად დაუცველ პირები; საჯარო მოხელეები; პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და პირები, რომლებიც მოხვდებიან აღნიშნულ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამურად, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს.

აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ

გასულ წელს ევროპის აზარტული თამაშებისა და ფსონების ასოციაციამ (EGBA) მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, რომელიც ინტერნეტში აზარტული თამაშის შესახებ რეკლამის განთავსებას არეგულირებს. დოკუმენტის მთავარი იდეაა არასრულწლოვანთა დაცვა ონლაინ აზარტული თამაშების სარეკლამო პროდუქტების მავნე ზემოქმედებისგან.

ასოციაციამ შეიმუშავა მთელი რიგი ზომები, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის დაცვას სათამაშო კონტენტის გავლენისგან. მოთხოვნებს შორის არის: წარმოდგენილი ინფორმაციის მოდერაცია; აზარტული თამაშების სარეკლამო დრო მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი საბავშვო გადაცემების ტრანსლირების დროს; პლატფორმაზე ასაკის ყველაზე მკაცრი კონტროლის გამოყენება; ყველა შესაძლო მარკეტინგული მეთოდით, მოთამაშის ასაკის დადგენა. ამ რეგულაციის ერთ-ერთი პუნქტის დარღვევა გულისხმობს გარკვეული სანქციების დაწესებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტში რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციაც არის მოხვედრილი.

კერძოდ, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

როდის შეუდგება პარლამენტი ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტის განხილვას, ჯერჯერობით, უცნობია.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები