თამარ ტალიაშვილი – „საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება”

ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საბჭო სკოლამდელი განათლების რეფორმაზეა ფოკუსირებული.

„საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მექანიზმის დანერგვას, რაც აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფა”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონი და „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილების პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პერიოდი ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრისა, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს, ხოლო გარდამავალ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციას განახორციელებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდამავალ პერიოდში, დაწესებულებათა ავტორიზაციის სისტემის დანერგვისას და განხორციელებისას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილებების განხორციელების დროს ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის წარმომადგენლების ჩართულობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის პროცესში დროებითი წესისა და პროცედურების შესაბამისად.

„აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს პროცესში მონაწილეობის გზით მიიღონ ცოდნა და დააგროვონ გამოცდილება გარდამავალი პერიოდის შემდგომ სისტემის დამოუკიდებლად სამართავად და უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები