2014 წლის რთველთან დაკავშირებით თელავში მევენახეებთან შეხვედრა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი მოახლოებული რთვლის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების მიზნით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს ირაკლი შიოლაშვილს და ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რთველის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნება. მანამდე კახეთის რაიონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სააგენტოს ხელმძღვანელობა ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს. ღვინის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილი რთველის საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, უკვე შეუდგა კახეთის რაიონებში მუშაობას.
„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მევენახემ ყურძენი კარგ ფასად ჩააბაროს, ღვინის ქარხნებთან რთვლის დროს არ იყოს რიგები, დაცული იყოს როგორც მევენახის, ისე მეწარმის ინტერესები და წლევანდელი რთველი ჩატარდეს უფრო ორგანიზებულად და წარმატებულად, ვიდრე ეს იყო გასულ წელს”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლევან დავითაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ადგილობრივ მევენახეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მოსალოდნელ სუბსიდირებას, მოსავლის დაზღვევის საკითხებს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების კუთხით არსებულ მდგომარეობას და მევენახეობასთან დაკავშირებულ სხვა თემებს.
„საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინაიდან წელს სახელმწიფო აღარ აპირებს საფერავის სუბსიდირებას, აქედან გამომდინარე, თითქოს მისი ფასი შემცირდება. წელს წითელ ყურძენზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ აღარ არის საჭირო სუბსიდირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფომ სწორ გზაზე დააყენა ყურძნის რეალიზაციის პროცესი და აღარ არის დამატებითი სუბსიდირების საჭიროება. რაც შეეხება თეთრ ყურძენს, მისი სუბსიდირება მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება, ფასი კი მინიმუმ 1 ლარი იქნება. შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი რთველი მომგებიანი იქნება მევენახისთვის”, – აღნიშნა შიოლაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა მევენახეებს განუცხადა, რომ თეთრი ყურძნის სუბსიდირებასთან დაკავშირებით დეტალები მთავრობის განკარგულების გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. მევენახეების განცხადებით, წელს, გასულ წელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ რთველი გასული წლის მსგავსად წარმატებულად და ორგანიზებულად ჩაივლის. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე 25 ივნისს რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აგრეთვე შეხვდა ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს.