მიხეილ სარჯველაძე – გაფანტული სკლეროზის დაფინანსებაზე: პრაქტიკულად ყველა საჭიროება, კვლევებიდან დაწყებული დამთავრებული მედიკამენტის მიწოდებით, მთლიანად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს დაფინანსებით
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროს მიერ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის გაფართოების შესახებ საუბრობს.
როგორც მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, ამ შემთხვევაში საუბარია გაფანტული სკლეროზის დაფინანსებაზე.
„საუბარია გაფანტული სკლეროზის დაფინანსებაზე, რომელიც სულ ახლახან ჩაეშვა. ამაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ, შევისყიდეთ ამისთვის აუცილებელი მედიკამენტებიც, დავგეგმეთ პროცესი და რეალურად, დაიწყო ფუნქციონირება ამ პროექტმა.
ივლისის განმავლობაში დაიწყო, უკვე არიან კონკრეტული ბენეფიციარები, რომლებიც შეძლებენ, რომ ისეთ რეჟიმში ჩააყენონ ეს ძალიან ვერაგი დაავადება, რომელიც პრაქტიკულად, მათთვის სასიცოცხლო რისკებს მოხსნის დღის წესრიგიდან.
მკურნალობადია, საბედნიეროდ, ეს დაავადება და ისეთ მდგომარეობაში გადაყვანადი, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად ის ზიანის მომტანი ადამიანისთვის არ იქნება. სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, ხელმიუწვდომელი იყო ადამიანებისთვის და საბედნიეროდ, ეს გახდა შესაძლებელი. მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს მკურნალობა და საბედნიეროდ, ახლა მთელი საქართველოსთვის ეს გახდა ხელმისაწვდომი. იმავდროულად, უნდა ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა საჭიროება – კვლევებიდან დაწყებული, დამთავრებული მედიკამენტის მიწოდებით, მთლიანად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს დაფინანსებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.