მაკა ბოჭორიშვილი: ეს პროცესი, რაც შემოდგომაზე დაიწყო, ემსახურებოდა ერთადერთს, რომ ჩამოეშალათ საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმედგაცრუებულები ცდილობენ, რომ ათასი ბრალდება გააჟღერონ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, სამინისტროში ახლა ძალიან სწორი და საჭირო პროცესი მიმდინარეობს.
„ალბათ კარგა ხანი დასჭირდება იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი საგარეო უწყება, როგორიც ეკადრება საქართველოს,ძალიან საყურადღებოა მომავალი დიპლომატებისთვის განსაკუთრებით ის განცხადებები, რაც კეთდება; მართლა წარმოუდგენელია მუშაობდე სახელმწიფო სამსახურში, გერქვას დიპლომატი, წვდომა გქონდეს საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციაზე, საიდუმლო ინფორმაციებზე და შემდგომ ასე საჯარო საუბრობდე ბევრ თემაზე, რაზედაც შეიძლება სულაც არ არის სასურველი, რომ საჯარო მოხელე საუბრობდეს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, როდესაც მესმის მსგავსი განცხადებები, რომ ძალიან სწორი პროცესი მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძალიან საჭირო პროცესი მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს გამართული საგარეო უწყება დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, ვინც მუშაობს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ვისაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილი გამოეხმაურა იმ ნარატივს, თითქოს საგარეო უწყებიდან ათავისუფლებენ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ევროინტეგრაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
„ძალიან რთულია მსგავს რამეზე კომენტარის გაკეთება. რას ნიშნავს ერთი საჯარო მოხელე მუშაობდა რაღაც ურთიერთობების გაძლიერებაზე – ის ასრულებს იმ დავალებას, რა დავალებაც არის ხელისუფლებისგან. სხვა მოხელეს არ უნდა ევროინტეგრაცია? ასეთი დაყოფა ვის გაუგია საჯარო სამსახურში? ეს პროცესი რაც დაიწყო გასული წლის შემოდგომაზე საჯარო სამსახურთან მიმართებაში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ჩამოეშალათ საქართველოში საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმედგაცრუებულები ცდილობენ რომ ათასი ბრალდება გააჟღერონ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის და იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი უწყება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, სათანადოდ იყოს მიტანილი ჩვენი პარტნიორების ყურამდე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.