მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები, მარტივი გზა გამოინახა – იმისთვის, რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო, ეს პირდაპირ ითქვა

უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი და მოდით ნუღარ შევაფასებთ საქართველოსო. ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველო იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს არ გამოჩნდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, რის საპასუხოდაც მინისტრმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

„ანგარიშების მომზადებაში [გამოიხატება] მაგალითად, ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები, რაც თვალსაჩინოა, რასაც ყველა ხედავს, ყველა აღიარებს და მარტივი გზა გამოინახა – იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთ. ეს პირდაპირ ითქვა, იყო ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა ძალიან სერიოზული ანგარიში, ყველაფერი მიეწოდა ევროკომისიის მხარეს რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება იყო, რომ არ შევაფასოთო და ამგვარად დავისაჯეთ, რომ არ შეფასდებოდა ეს ევროკომისიის მხრიდან. ასე ხდება ინსტრუმენტალიზაცია ამ პროცესის და პროგრესის მიჩქმალვა. ის რაც კარგია, ის არ უნდა დაინახოს არავინ საქართველოსთან მიმართებაში და მხოლოდ ნეგატიურ და უარყოფით სურათზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროკომისიასა და ქართულ მხარეს შორის ამის თაობაზე იყო წერილობითი კომუნიკაცია.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ მუქარებზე, რომელიც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან ისმის.

„10 წელია საქართველო ასრულებს წარმატებით ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი და თვალსაჩინო პროგრესი ამ მიმართულებით და ეს აღიარებულია ევროკომისიის ანგარიშებში. ეს შეთანხმება ხომ დიდწილად ევროკავშირის ინტერესშია, მაშინ როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, როდესაც ხელი მოვაწერეთ, იქ რა თქმა უნდა უდიდესი იყო ევროკავშირის ინტერესი, და როდესაც შეჩერებაზეა საუბარი, ანუ ევროკავშირის ინტერესი უნდა გააჩერონ, ან ინტერესის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება უნდა შეაჩერონ? ცოტა აბსურდულია ეს მიდგომები, ეს მუქარები, თუმცა ამგვარად ცდილობენ, რომ ინსტრუმენტად აქციონ ის შეთანხმებაც, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები