მაკა ბოჭორიშვილი – ევრობიუროკრატებზე: ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა იმგვარად, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად

ისინი არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, რამ შეიძლება მოახდინოს იმგვარად გავლენა, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში და ხელისუფლებაში იყოს იმ ადამიანების ჯგუფი, არა ვინც ქართველ ამომრჩეველს სურს, არამედ ის, ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.

„ასეთი პოლიტიკოსების ჯგუფი რომ საქართველოში არის, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს და უკვე თავად ამტკიცებენ, რომ უყურებენ იმას, თუ რა ინსტრუქციას გასცემს რომელიმე ბიუროკრატი, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და არანაირად ამის უკან არ დგას კეთილი განზრახვები“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

გადაცემის წამყვანმა გაიხსენა კაია კალასის განცხადება, რომელიც ივნისში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა და სადაც საუბარი იყო მოსამართლეების სანქცირებაზეც. მან ბოჭორიშვილს ჰკითხა – შეიცვალა თუ არა ერთ თვეში ამ კუთხით რამე.

„ზოგადად ძალიან რთულია სამართლებრივი გამართლება მოუძებნო ამ განცხადებებს და გაამართლო რამენაირად მოსამართლის დასჯის მოწოდებები, რომ მოსამართლეებს დაუწესო სანქცია, ანუ სასამართლოზე ამგვარად მოახდინო გავლენა და შემდგომ ისაუბრო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ლექციები წაიკითხო იმაზე, როგორ უნდა იყოს სამართალი უზენაესი და კანონის წინაშე როგორ უნდა იყოს ყველა თანასწორი მაშინ, როდესაც ამართლებ კანონის დამრღვევებს, ითხოვ ამ კანონის დარღვევისთვის მიღებული გადაწყვეტილების გამო მოსამართლის დასჯას და სანქციების დაწესებას. ალოგიკურია ეს ყველაფერი. არ ჯდება არანაირ ევროპულ ფასეულობებში. ჩვენ ასეთი მოთხოვნები ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ვნახეთ, მივდიოდით კომპრომისზე, მაგრამ დგას უკვე ის მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, მუდმივად ასე ვიაროთ, რომ ვიღაც გიკარნახებს – ვინ უნდა დაიჭირო, ვინ არა, ვინ უნდა მისცე პასუხისგებაში და ვინ არა და არის ხელშეუხებელი ადამიანების სია, რომელთაც რაც უნდათ, ის შეუძლიათ გააკეთონ. ეს მადა კიდევ უფრო გაძლიერდა და ხედავ, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, შენი კონსტიტუცია, შენი კანონმდებლობის შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელვა ყოველდღიურად ხდება. ასეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენს შვილებისთვის, სადაც პოლიტიკოსი გამოვა, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, კანონს, ინსტიტუტებს და შემდგომ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში?“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები