ჩემს შემთხვევაში მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, როცა ირგვლივ კონფლიქტებია, ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები – გიდი ქეთი ახობაძე
ჩემს შემთხვევაში მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, შემოვიდნენ სხვა ქვეყნები და ეს ძალიან მახარებს – როცა ირგვლივ კონფლიქტებია, ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები – აცხადებს გიდი, გიდების ტრენერი ქეთი ახობაძე.
მისი თქმით, აპრილიდან მოყოლებული საკმაოდ დატვირთულად იმუშავა და ასევე დატვირთული აქვს ივნისი-აგვისტო და სექტემბერი.
„საქართველო და ზოგადად კავკასიის რეგიონი განიხილებოდა კონფლიქტის ზონად და ტურისტებს გარკვეულწილად საფრთხის განცდა ჰქონდათ, თუმცა, როდესაც ჩამოდიოდნენ რეალურად ხვდებოდნენ, რომ სხვადასხვა არხების საშუალებით განსხვავებული ინფორმაციები მიეწოდებოდათ. ადგილზე ხვდებოდათ უსაფრთხო გარემო და კეთილგანწყობილი ხალხი.
რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს, მაქვს ჩემი დაკვეთები და წლის განმავლობაში წინასწარ აქტიურად იჯავშნებოდა. განსაკუთრებით აპრილიდან ისე დამეჯავშნა, რომ 80-დან 90%-მდე სრულიად ყველა დღე, დღემდე, დაჯავშნილი მქონდა და ეს 10-20%-იანი არ მუშაობა, რეალურად ფიზიკურად ძალების აღდგენისთვისაც გვჭირდება. ჩვენ გიდები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საველე პირობებში და საკმაოდ გრძელი და მრავალსაათიანი სამუშაო დღე გვაქვს. ივნისი მართლა 100%-ით დატვირთული მქონდა და არც ერთი დღე არ დამისვენია. დაემთხვა შიდა ტურიზმი და სასკოლო ექსკურსიები და რეალურად მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციებზე გადაადგილებაც კი ჭირდა. რაც შეეხება ივლისს და აგვისტოს ამ ეტაპზე 70% უკვე დაჯავშნილია და ასევე სექტემბერში დაკავებული მაქვს 60%-მდე. ეს ნორმალური მაჩვენებლებია და არ არსებობს, რომ ყველას 100%-ით ჰქონდეს დაჯავშნილი“, – აცხადებს ქეთი ახობაძე.
ინგლისურენოვანი გიდის თქმით, წელს სახეზეა ბაზრების დივერსიფიცირებაც, რაც ტურიზმს კიდევ უფრო გაზრდის.
„მე ვარ ინგლისურენოვანი გიდი და 2023-2024 წლებში სტატისტიკა, რომ ვაწარმოვე, 20 ქვეყნის წარმომადგენლების მასპინძლობა მომიწია. რუსულენოვან სეგმენტზე მე არ ვმუშაობ. წელს განსხვავებული იყო ის, რომ დიდი რაოდენობით მყავდა შვეიცარიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიიდან მყავდა უფრო მეტი ტურისტი ვიდრე ადრე, ასევე ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან მყავდა რამდენიმე ჯგუფი. გარკვეული რაოდენობა ჯავშნებისა გაუქმდა, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან მოფრინავდა და ვიცით, რომ ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება. მყავს მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელიდან ჯავშნები გაუუქმდათ. მე პირადად სამი დიდი შეკვეთა მაქვს ისრაელიდან სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ქართველი ებრაელები ჩამოდიან ოჯახებით და საკმაოდ მსხვილი შეკვეთებია. მოლოდინს, რაც შეეხება მე არ გამკვირვებია ის ციფრი რაც დაიდო. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებლები გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა რეგიონში არსებული დაძაბულობა“, – აცხადებს ქეთი ახობაძე.
2025 წლის იანვარ-ივნისის ( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
2025 წლის II კვარტალის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით – საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით – საერთაშორისო ტურისტების.